საქართველო. კვირის მიმოხილვა

თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დავით დონდუასთან, თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან, საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსთან დავით სუჯაშვილთან, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანთან მინდია ჯანელიძესთან, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

24 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღმავებას, შავი ზღვის თანამშრომლობის განვითარებას, თურქეთ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობას და გაძლიერებას.

„ვისაუბრეთ სამმხრივ შეხვედრებზე – თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოების ერთობლივ მემორანდუმზე. განვიხილეთ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში“, -განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

სომხეთის დედაქალაქში საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სომხეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული ანბანის ექსპოზიცია სახელწოდებით „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ და ბიბლიოთეკაში დაცული ქართული წიგნების გამოფენა მოეწყო.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,3 პროცენტი, ხოლო I კვარტალის საშუალორეალურმა ზრდამ 5,0 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეში ბიუჯეტის შემოსავლებმა 1 060,6 მლნ ლარი შეადგინა, ხარჯებმა კი 757,4 მლნ ლარი. პირველ კვარტალში კი ბიუჯეტის შემოსავლებმა ჯამში 2 435,7 მლნ ლარი შეადგინა, ხარჯებმა კი 2 071,3 მლნ ლარი.

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მშენებარე ქრისტიანული სალოცავის დანგრევის ფაქტი ალავერდის ეპარქიის მრევლმა გააპროტესტა, ადგილზე იყო ჩასული ალავერდის მიტროპოლიტი დავითიც. მისი თქმით აღნიშნული ქმედება ხალხის დასაპირისპირებლად მიმართული პროვოკაციია, თუმცა მისი თქმით „ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხვდება”. გავრცელებული ინფორმაციით პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ადგილობრივ მოსახლეს მაყვალა ცისკარიშვილს, რომელიც სალოცავის აღდგენას ცდილობდა, აღდგომის მეორე დღეს ის დანგრეული დახვდა. ვინ და რა მიზეზით დაანგრია მშენებარე სალოცავი უცნობია.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ არველაძე აცხადებს, რომ გაზის ტარიფები გაიზრდება. „ცხადია იქიდან გამომდინარე, რომ 2005 წლის შემდეგ გაზის ტარიფები არ გადახედილა, მას მერე ბევრი რაღაც შეიცვალა, საკმაოდ ბევრი ინვესტიცია განხორციელდა გაზის სექტორში, გარდა ამისა, ვიცით, როგორ წავიდა ლარის და დოლარის ურთიერთობა, როგორ შეიცვალა კურსი, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ გაზის ტარიფების ზრდას უნდა ველოდეთ, ალბათ, ივნისის ბოლოსთვის დაამთავრებს მარეგულირებელი კომისია და შემდეგ გამოცხადდება, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ გაზის ტარიფები გაიზრდება“, -განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რევაზ არველაძემ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს წინაშე ყველა ვალდებულება, რომელიც საქართველომ აიღო, შესრულებულია. „ყველა ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ ევროსაბჭოს წინაშე გაწევრიანების პროცესში შესრულებულია“, -განაცხადა ბესელიამ. აღსანიშნავია, რომ საქართველომ დღემდე არ მოახდინა „რეგიონალური და უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიცირება. ეს ვალდებულება საქართველომ ევროპის საბჭოს წინაშე ჯერ კიდევ 1999 წელს აიღო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 13,9 პროცენტით შემცირდა და 25 101 შეადგინა. 2016 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 9 539 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4,7 პროცემდით გაიზარდა. ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლის მიხედვით, 2016 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ შეადგინა 56 569 (28 887 ბიჭი და 27 682 გოგო) რაც წინა წელთან შედარებით 4,5 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა გარდა) 3 718,2 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0,1%-ით ნაკლებია.