ბათუმელი მუსლიმები: ბრძოლა მეჩეთისთვის

„დავეხმაროთ ახალი ჯამის მშენებლობას! ქუჩაში ლოცვა უნდა დამთავრდეს!“ -ეს მოწოდება ბათუმის მეჩეთის ეზოში ყოველი პარასკევის ლოცვის [ჯუმა] დასრულების შემდეგ ისმის.

ასე იყო 25 აგვისტოსაც, როდესაც მუსლიმები პარასკევის ლოცვის აღსავლენად შეიკრიბნენ. ვინც თადარიგი დაიჭირა და ადრე მივიდა, სალოცავად ადგილი მეჩეთში შეხვდა. სხვებმა ჭილოფის ფარდაგები პირდაპირ ქვაფენილზე გაშალეს ზოგმა მეჩეთის ეზოში, ზოგმაც ქუჩაში.

მუსლიმების ქუჩაში ლოცვა ბათუმისთვის უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა. 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის თანახმად, აჭარაში 333 953 ადამიანი ცხოვრობს, აქედან -132 852 მუსლიმია. ბათუმში 38 762 მუსლიმი ცხოვრობს.

1878 წლამდე, თითქმის 300 წლის განმავლობაში, აჭარა ოსმალეთის იმპერიის მიერ იყო მიტაცებული, რა დროსაც აჭარის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ისლამი მიიღო. 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლისა და ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდში ბევრი აჭარელი ქრისტიანად მოინათლა. თუმცა, ბოლო 15 წელია, ამ რეგიონში თურქეთის გავლენა იზრდება. რეგიონში და მთლიანად საქართველოში არსებული ტოტალური უმუშევრობის ფონზე, ბევრი აჭარელი ახალგაზრდა სამსახურის საშოვნელად და განათლების მისაღებად თურქეთში მიდის.

ისტორიული კონტექტიდან გამომდინარე, საქართველოში ბევრი ეჭვის თვალით უყურებს თურქეთის მზარდ გავლენას რეგიონში.

ბათუმის მუსლიმი მოსახლეობა წლიდან წლამდე იზრდება, პირველ რიგში, იმ მიგრანტების ხარჯზე, რომლებიც მთიანი აჭარიდან ჩამოსახლდნენ (იქ უმეტესწილად ქართველი მუსლიმები ცხოვრობენ). ამასთან, ბოლო წლებში ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად სტუმრობენ მეჩეთს და იცავენ ისლამის წესებს.

დღეს ბათუმში მხოლოდ ერთი, მე-19 საუკუნეში აშენებული მეჩეთი ორთა-ჯამე მოქმედებს რომელიც მუსლიმთა თემის წარმომადგენელთა თქმით, ლოცვაზე დასწრების მსურველ მორწმუნეთა ნახევარსაც კი ვერ იტევს.

ქართველი მუსლიმები უკვე წლებია ლოცვისთვის ახალ შენობას ითხოვენ. თუმცა, მათ მოთხოვნას საქართველოში დიდი წინააღმდეგობა ხვდება, როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების და დომინანტური რელიგიური ინსტიტუციის -მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაა.

თავდაპირველად იყო საუბარი, რომ ბათუმში წლების წინ არსებული თურქული მეჩეთი აღედგინათ, რომელიც თურქი სულთნის -აბდულ აზიზიეს სახელს ატარებდა. ამ გეგმას, რომელსაც ღიად უჭერდა მხარს თურქეთი, უზარმაზარი პროტესტი მოჰყვა საქართველოში.

შემდეგ, გადაწყდა, რომ ძველი მეჩეთს კი არ აღადგენდნენ, არამედ ახალს ააშენებდნენ. თანაც, ეს მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენებულიყო და არა თურქეთის მხრიდან მიღებული დახმარებით. თუმცა, ფაქტია, რომ ვერც ამ გეგმამ იმუშავა. წლებია ეს საქმე ჭიანურდება. ამ პრობლემის გადაჭრას არავინ ჩქარობს.

„ეს არის 20-წლიანი ბრძოლის ისტორია“, -ამბობს ტარიელ ნაკაიძე. „ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძისა [საქართველოს მეორე პრეზიდენტი] და ასლან აბაშიძის [აჭარის მმართველი შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში] ხელისუფლებაში აქვთ მუფტებს წერილები გაგზავნილი ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების თხოვნით. მაშინ ეს პროცესები არ ხმაურდებოდა“.

ბათუმის გარეუბანში, აბაშიძის ქუჩაზე ფიცრული ნაგებობა დგას, ხის ხარაჩოებითა და თუნუქის ფიცრებით გადახურული.

რომ არა ფერადი ბანერი, რომელიც გვაუწყებს, რომ ეს „ბათუმის ახალი მეჩეთია“, ეს ფიცრული უფრო გარე ვაჭრობისთვის გამოყოფილი სახელდახელო ადგილი გეგონებათ.

პირველ სექტემბერს ყურბან-ბაირამზე აქ ტევა არ იყო. გადახურულ ნაწილში, რომელიც 400 კვადრატულ მეტრია და მიმდებარე ეზოში 1500-მა ადამიანმა მოიყარა თავი.

ეს ის ადგილია, სადაც მუსლიმები ახალი მეჩეთის აშენებას ითხოვენ, მაგრამ ბათუმის მერია მშენებლობის ნებართვას არ გასცემს.

ბათუმის მერიის მხრიდან მეჩეთის მშენებლობაზე უარის თქმის ოფიციალური მიზეზი ის არის, რომ „ტერიტორია, სადაც მეჩეთი უნდა აშენდეს, მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს, საკულტო ნაგებობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია“. ბრძანება მშენებლობაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 5 მაისს ბათუმის არჩეული მერის გიორგი ერმაკოვის მიერაა ხელმოწერილი.

2017 წლის 26 მაისს მუსლიმთა თემმა მეჩეთის შენობის გარეშე „გახსნა” გადაწყვიტა. ეს ფიცრული ახლა მოქმედი სალოცავია, სადაც ყოველ პარასკევს მორწმუნეები იკრიბებიან.

ვინაიდან სახელმწიფომ მუსლიმებს არც მეჩეთისთვის საჭირო მიწის ნაკვეთი გამოუყო, მუსლიმთა თემმა თვითორგანიზებას მიმართა და ტერიტორია, სადაც ახლა ფიცრული დგას, თავად შეიძინა.

2015 წელს „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფმა“ მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებასთან ერთად თანხების მოძიებაც დაიწყო. ორ თვეში 12 ათასი ხელმოწერა და გარკვეული რაოდენობის ფულიც შეგროვდა. ახალი მეჩეთისთვის მუსლიმებმა 2 500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გასულ წელს ბათუმელი მუსლიმი კაცისგან 400 დოლარად შეიძინეს. მიწის მეპატრონემ თემს 500 კვადრატი საჩუქრადაც გადასცა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილე, ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ მრევლს ეს თანხა დიდ ტვირთად დააწვა, თუმცა იგი უკვე თითქმის სრულადაა დაფარული.

ის, რომ მეჩეთისთვის მიწის ნაკვეთის საყიდელი თანხა მუსლიმმა თემმა შეადგოვა, დამატებით არგუმენტად იქცა მეჩეთის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა არსენალში.

ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ მეჩეთის მშენებლობა თურქეთის სახელმწიფომ ჩუმად დააფინანსა. პასუხად ტარიელ ნაკაიძე ოპონენტებს სთავაზობს შეისწავლონ თითოეული თეთრის წარმომავლობა. თუმცა, მისი წინადადება, ჯერჯერობით, არავის არ მიუღია.

თემის წარმომადგენელთა მხრიდან მსხვილი შემოწირულობების გარდა, მეჩეთისთვის ფულს მუსლიმები ყოველ პარასკევს, ლოცვის შემდეგაც აგროვებენ -ეზოში მუყაოს ყუთს დგამენ, სადაც მსურველები შესაწირს აგდებენ. 25 აგვისტოს 878 ლარი შეგროვდა.

თუმცა, როდის დაიწყება მეჩეთის მშენებლობა, ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია, ნებართვის აღებას მუსლიმები ახლა უკვე სასამართლოში ცდილობენ. ააშენებენ თუ ვერა მუსლიმები ახალ მეჩეთს ეს საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი. ეს პროცესი კი, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს.

ყურბან-ბაირამზე ბათუმის ერთადერთ მეჩეთს -ორთა-ჯამეს ხშირად სტუმრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ შორის, პრეზიდენტები და პრემიერებიც.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფალი -სამი პრეზიდენტი და სამი პრემიერი მუსლიმებს მიანიშნებდა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების უფლებას მისცემდნენ. ამ ირიბ და ბუნდოვან დაპირებებს, ძირითადად, სწორედ ორთა-ჯამეში ბაირამის მისალოცად მისულები არიგებდნენ.

ერთადერთი ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელმაც 2013 წელს, პირდაპირ განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერდა ბათუმში მეჩეთის მშენებლობას. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა და ქვეყნის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ისიც კი თქვა, რომ მშენებლობას თავად დააფინანსებდა.

თუმცა, ივანიშვილის ეს დაპირება არ შესრულებულა. ის დღეს აღარ არის პრემიერი, იშვიათად ჩნდება საჯარო სივრცეში და მუსლიმთა თემის წარმომადგენლებს მისთვის დანაპირების შეხსენების შესაძლებლობაც არ აქვთ.

წელს, 1 სექტემბერს ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე მუსლიმებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე არა ორთა-ჯამეში, არამედ ბათუმის “ახალ მეჩეთში” მიიწვიეს.

თუმცა, პატარაძე „ახალ მეჩეთში“ არ მივიდა. მან მუსლიმებს ბაირამი ორთა-ჯამედან მიულოცა და თქვა: „მინდა დაგიდასტუროთ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები ჩვენ მუსლიმ მრევლთან, სამუფთოსთან, ქალაქის მერიასთან ერთად. უკვე გადავედით შემაჯამებელ ეტაპზე. ძალიან მალე თქვენ ამას გაიგებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დარჩა მხოლოდ ტექნიკური დეტალების შეთანხმება“.

ერთი შეხედვით დამაიმედებელი განცხადებაა, მაგრამ მუსლიმებს ამ სიტყვების არ სჯერათ, რადგან ზურაბ პატარაძისგან იგივე დაპირება რამდენიმე თვის წინაც მოისმინეს. ამიტომაც, მრევლი ფიქრობს, რომ „ეს მორიგი, დროის გასაყვანი სატყუარაა“.

„იცი რა, მაგათ ჰგონიათ, რომ ჩვენ სულელები ვართ. ჩვენ სამშობლო გვენაღვლება და ამიტომაც ვიტანთ ასეთ დამოკიდებულებას“, -ამბობს შუახნის კაცი „ახალი მეჩეთის“ ეზოში.

იოსები აბაშიძე, ასაკოვანი მუსლიმი სხვა თანამორწმუნეებისგან განსხვავებით არ ერიდება რადიკალურ განცხადებებს, მაგალითად, იმის თქმას, რომ ხელისუფლება მათ „ახრჩობს“ და „ავიწროებს“ და რომ „ავტონომია არის რელიგიური ჩაფხუტი, რელიგიური დაცვა“.

„ჩვენ კოალიციურად გვებრძვიან, მთელი ორგანოები და პრესაც. ყველა ჩართულია, ძალოვანები, სასამართლო, მთავრობა, სამღვდელოება. სამღვდელოება მოვდა და ჩვენ ეს აქ არ გვინდაო. შენ ვინ ხარ, რომ არ გვინდას იძახი ჩემს ეზოში. ჩემ ეზოში შენ თან უნდა იცხოვრო და თან… ბოდიში და გარეულმა შინაური გააგდოო. ჩვენ არც გვიყიდია ეს მიწა, არც გვისესხებია, არც ლტოლვილი ვართ. ეს ჩვენია, იყო, არის და იქნება და ისე ვიცხოვრებ რაფერც მე მინდა. მთავრობას ხელს არ შეუშლი და ნურც მე შემიშლის ხელს“.

დროის გაჭიანურების გარდა, ხელისუფლებამ პრობლემის „მოგვარების“ კიდევ ერთ ხერხს მიაგნო -სახელმწიფო ცდილობს გააკონტროლოს მუსლიმთა ოფიციალური რელიგიური ინსტიტუციები და ამ ორგანიზაციის მუფთებს თავად ნიშნავს. ამასთან, ისლამური სასულიერო ლიდერები ხელფასს სახელმწიფოსგან იღებენ. ეს იწვევს მუსლიმთა თემის გაუცხოებას რელიგიური ლიდერებისა და ოფიციალური ინსტიტუციებისგან.

ეს გაუცხოება კარგად გამოჩნდა მეჩეთის მშენებლობის გარშემო პოზიციებში, როდესაც ლიდერებს ერთი პოზიცია აქვთ, თემს -განსხვავებული. 2014 წლის ბოლოს დასავლეთ საქართველოს მთავარმა მუფტმა და მასთან ერთად კიდევ 22-მა სასულიერო პირმა მრევლის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, საქართველოს მთავრობას წერილობით აცნობეს, რომ მათ ბათუმში მეჩეთის აშენება არ სურდათ. მეჩეთის სანაცვლოდ ისინი სამუფთოსთვის რეზიდენციის აშენებას, მედრესესა და სამი მეჩეთის გარემონტება ითხოვდნენ.

საინტერესოა, რომ ამ ფაქტს წინ უსწრებდა ორთა-ჯამეში მაშინდელი პრემიერის -ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი.

დოკუმენტს, სადაც სასულიერო პირები მეჩეთზე უარს ამბობდნენ, მაშინდელი მთავარი მუფტი, ჯემალ პაქსაძეც აწერდა ხელს. მრევლი მაშინ ირწმუნებოდა, რომ მუფტმა ამ დოკუმენტს ხელი სპეცსამსახურების მუქარის პირობებეში მოაწერა. თავად პაქსაძე, რომელიც ახლა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, ზურაბ პატარაძის ერთ-ერთი მრჩეველია, ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს.

ტარიელ ნაკაიძე ახლაც ფიქრობს, რომ მუფტებმა მაშინ სახელისუფლო წნეხს ვერ გაუძლეს. „თეოლოგიური თვალსაზრისით ეს მათთვის კატასტროფა იყო -არ შეიძლება ლოცვა იმ მუფტის უკან, რომელიც მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგება“.

მეჩეთის მშენებლობის მთავარი და ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე მართლმადიდებლური ეკლესიაა.

2012 წელს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ორგანიზატორი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი -ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი დიმიტრი [შიოლაშვილი], იყო.

ის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ძმის შვილია და დღესაც აქტიურად უდგას სათავეში ბათუმში მეჩეთის აშენების წინააღმდეგ მოძრაობას.

მიტროპოლიტი მეჩეთის მშენებლობაში ეროვნულ საფრთხეს ხედავს, რადგან მისი თქმით, ამ პროცესს თურქეთი ლობირებს და ეს მხოლოდ ამ ქვეყნის ინტერესებშია.

მიტროპოლიტი დარწმუნებულია, რომ მისი აქტივობით ქართველ მუსლიმთა უფლებები არ იზღუდება: „ხშირად ვისმენთ მათი [მუსლიმების] მხრიდან, რომ ქრისტიანები პრივილეგირებულები არიან, ბევრ ტაძრებს აშენებენ და ასე შემდეგ. მე მინდა გითხრათ -[მეჩეთების და ეკლესიების] შეფარდება სადღაც 200/50 -ზეა. აჭარაში სულ 50 ქრისტიანული ტაძარია. ასე რომ, ვერ იტყვი, რომ ჩვენ ნამეტანი პრივილეგირებულები ვართ“.

მუსლიმთა თემში დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ ეკლესიის ამგვარი პოზიციის გამო უფრთხის ხელისუფლება მეჩეთის ნებართვის გაცემას:

„არავინ არ მოსულა და არ უთქვამს აქ [ახალ მეჩეთში] ნუ ლოცულობთო, გარდა მღვდლებისა. კეთდება ეკლესიები, ვინმე მუსლიმი თუ მისულა და უთქვამს, ნუ ლოცულობთო. მინდა ეკლესიაში შევალ, მინდა მეჩეთში“, -ამბობს ვიქტორ ერემაძე, მუსლიმთა თემის წარმომადგენელი.

მეჩეთის მოწინააღმდეგეებს მთავარი არგუმენტებია თურქეთის მზარდი გავლენა აჭარაზე, რეგიონის ისლამიზაციისა და თვითმყოფადობის დაკარგვის საფრთხე, ქართული ადათ-წესებისა და ტრადიციების დარღვევა.

ზაზა ფირცხალაიშვილი აჭარის ტელევიზიის თანამშრომელია და იგი რეგულარულად მონაწილეობს მეჩეთის აშენების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში. ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ „თურქეთის ჩარევით და ხელისუფლების უნიათობით ხალხი ისევ ისლამისკენ შებრუნდა და ისტორიამ ვერ გვასწავლა ჭკუა“.

მისი აზრით, ხელისუფლებამ უფრო აქტიურად უნდა დაიწყოს „ქართული ტრადიციული ღირებულებების აგიტაცია“ და განათლების სფეროც იმ მიმართულებით უნდა განვითარდეს, რომ „ყველაფერი ქართული ახალგაზრდებს სწორედ მივაწოდოთ“.

2017 წლის 15 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში, რომელიც რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას აფასებს, განსაკუთრებით ხაზგასმითაა აღნიშნული ბათუმის მეჩეთის გადაუჭრელი პრობლემა. ანგარიშში ნათქვამია, რომ მუსლიმი თემის წარმომადგენლები წლებია ქუჩაში ლოცულობენ და ხელისუფლებამ წლებია ვერ უზრუნველყო მუსლიმი თემისთვის მტკივნეული საკითხის მოგვარება.

საქართველოში მოქმედი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები ბათუმის მერის ბრძანებას მეჩეთის მშენებლობაზე უარის შესახებ, აფასებენ, როგორც უკანონოს და დისკრიმინაციულს.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, თელოგი ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს ჩარევას მეჩეთის მსენებლობის საკითხში ორი მთავარი მიზეზი განაპირობებს -პირველი, ეს არის საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგობა, რაც ყველა ხელისუფლების დროს აშკარა იყო და მეორე, დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების გულუბრყვილო ფობიები, რაც საქართველოში თურქულ გავლენას უკავშირდება.

„სამწუხაროდ, ხელისუფლება, საკუთარ მოქალაქეებს განიხილავს სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებლად“, -ამბობს მინდიაშვილი.

მისი თქმით, კონსტიტუციით მუსლიმ მოსახლეობას აქვს მეჩეთის აშენების თავისუფლება: „თურქული, რუსული, ირანული და ასე შემდეგ ინტერესები ყველაზე კარგ ნიადაგს პოულობს მაშინ, როდესაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას თავისი მოქალაქისთვის. ყველაზე დიდ საფრთხეს ქვეყნისთის ქმნის ის დამოკიდებულება, როდესაც ადამიანის უფლებები არ არის გარანტირებულად დაცული და სახელმწიფო საკუთარ მოსახლეობას ყოფს პირველხარისხოვან, მეორეხარისხოვან თუ საფრთხის შემცველ სეგმენტებად“, -ამბობს მინდიაშვილი.

„მერიამ გვითხრა, რომ ჩვენ მეჩეთს ვერ გავხსნიდით, მაგრამ ჩვენ მეჩეთი გავხსენით. ახლა ვზრუნავთ იმაზე, რომ სახელმწიფომ დაგვრთოს ნება და ავაშენოთ. თუ ამოვწურავთ სამართლებრივ გზებს და არაფერი გამოვა, მაშინ სხვა გზას მივმართავთ -არც ერთი მეჩეთი აჭარაში ნებართვით არ აშენებულა. ასე იქნება ამ შემთხვევაშიც“, -ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

ეთერ ტურაძე