დღეს, ახალციხეში „ევროპის დღე 2018“ აღინიშნა

ახალციხის ციხე ერთი დღით „ევროსოფლად“ გადაიქცა. თითოეულმა სტუმარმა, მთელი დღის განმავლობაში გასართობი აქტივობებით, ევროკავშირში იმოგზაურა.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ევროკავშირის ისტორიას. ასევე, გაეგოთ, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ბავშვებმა სხვადასხვა თამაშებით იმხიარულეს, გაიმართა წარმოდგენები და შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში. თამაშების მონაწილეებს კი პრიზები გადაეცათ.

„ევროპის დღე საქართველოში“ ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივაა და ახალციხის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, მერი ზაზა მელიქიძე, მხარის, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

წლევანდელი ღონისძიების თემაა „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა“, რომელიც იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომლებსაც ევროკავშირი და ზოგადად ევროპა აერთიანებს. აღნიშნული თემა მიესადაგება ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წელს, რომელიც 2018 წელს აღინიშნება.