იენს სტოლტენბერგი – ნატო აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ალიანსის წევრობის გზაზე

ნატო აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ალიანსის წევრობის გზაზე, – ამის შესახებ ბრიუსელში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელმოწერის შემდეგ, ნატო-ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, დღეს დადასტურდა, რომ ნატო-ს კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატო-ს სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

„დღევანდელი დღე აჩვენებს, რომ ნატო-ს კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ნატო-ს სტანდარტებს, პატივს სცემენ ნატო-ს ღირებულებებს, კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, ინდივიდუალურ თავისუფლებას.

მოხარული ვართ, რასაც საქართველოში ვხედავთ. ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, გაატაროს რეფორმები, გააძლიეროს თავდაცვის აღმშენებლობის ინსტიტუტები, უზრუნველყოს გამჭვირვალობა.

ნატო-ს ლიდერებმა 2018 წელს ივლისის სამიტზე განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ამით დააფიქსირეს ერთგულება 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების მიმართ.

ჩვენ ვართ საქართველოს მადლიერი ნატო-სთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში.

ჩვენ ვხედავთ, რომ ნატო აძლიერებს საქართველოსთან თანამშრომლობას და საქართველოს მხარდაჭერას. გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.