ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა

ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა
ჩვენ ყველანი განსხვავებულნი ვართ. განსხვავებულია ჩვენი ეროვნება, კულტურა, ტრადიციები, რელიგია, რაც ჩვენს იდენობას განსაზღვრავს. ეს განსხვავებულობა კი არის მრავალფეროვნება, რომელიც ჩვენი სიმდიდრეა. საქართველო კი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მრავალფეროვნებით. საქართველოში ოდიდგანვე ცხოვრობდნენ და ახლაც ცხოვრობენ სხვადასხვა ერის თუ რელიგიის წარმომადგენლები, მაგალითად სომხები, ებრაელები, ბერძნები, თურქები, რუსები, აზერბაიჯანელები და სხვა ერის წარმომადგენლები. აღნიშნული ერის წარმომადგენელთა თანაცხოვრება ყოველთვის დამყარებული იყო და დღემდე დამყარებულია ჰარმონიულ ურთიერთობებზე და სწორედ ეს მრავალფეროვანი გარემო, რომელიც დადებითი კუთხით არის წარმოჩენილი საქართველოს განსაკუთრებულ და გამორჩეულ ქვეყანად აქცევს სხვა უმარავ დადებით მახასიათებელთან ერთად. საქართველო ეს არის ტოლერანტობის ოაზისი. საქართველო ეს არის სახელმწიფო, სადაც მრავალფეროვნება სიმდიდრეა, ის სიმდიდრე, რომელიც სოციუმის ყველა ინდივიდს ავითარებს და შესაძლებლობას აძლევს, რომ შეისწავლონ სხვა ერის ენა, კულტურა, ტრადიციები, ისტორია და ა.შ.
დღეს ჩვენი სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ თითოეული მოქალაქე თანასწორი იყოს და ყველა სფეროში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდეს. მრავალფეროვანი გარემო, რომელიც თანაბარუფლებიანობის პრინციპზეა დამყარებული ქვეყნის განვითარების საწინდარია, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება. მრავალფეროვანი გარემო, თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი ელემენტია. ის ადამიანის კეთილდღეობის წინაპირობაა, რადგანაც მის გარეშე შეუძლებელია სახელმწიფოს განვითარება. თუ თითოეულ ადამიანს არ ექნება თანასწორი შესაძლებლობა ჩაერთოს სახელმწიფოს სხვადასხვა სფეროებში სახელმწიფო დიდ რესურსს დაკარგავს. ხოლო დემოკრატიული ღირებულებებისა და თანასწორობის პრინიციპის გაზიარება საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრების საწინდარია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მრავალფეროვნებისა და თანასწორობის იდეა არ არის ახლად წარმოშობილი ცნება. იგი ჩვენი ისტორიული არჩევანია, რაზეც მიუთითებს მე–19 საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწეების ნააზრევი. ილია ჭავჭავაძე წერდა: „ყველამ იცის, რომ ეხლანდელ დროში დევნა და ძულება ეროვნული, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, ერთმანეთის გაუტანლობა იმის გამო, რომ შენ სხვა თესლისა ხარ და მე სხვა თესლისა და ერთად ვერ გვეცხოვრებაო, მარტო ბრიყვის და უვიცის მოძღვრებაა და სამართლიანად გასაკიცხი ყოველ პატიოსან და გონებაგახსნილ კაცისგან.“ მრავალფეროვნებისა და თანასწორობის პრინციპზე საუბრობდა საუბრობდა ასევე იაკობ გოგებაშვილი: „მრავალფეროვნება და თანასწორუფლებიანობის პრინციპი განამტკიცებს ჰუმანურ დამოკიდებულობას სხვადასხვა ტომის სუბიექტებს შორის, ბადებს ურთიერთნდობას, ამყარებს ნაყოფიერ ურთიერთზეგავლენას და ხელს უწყობს მიზნის მიღწევისთვის ერთსულოვან და სამართლიან ბრძოლას.”
მრავალფეროვნებასთან მჭიდრო კავშირშია ტერმინი ტოლერანტობა. ტოლერანტობა ლათინური სიტყვაა, რომელიც შემწყნარებლობას ნიშნავს. ეს არის სოციოლოგიური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს განსხვავებული მსოფლაღქმის, ცხოვრების წესის, ქცევისა და ჩვეულებების ატანას. ტოლერანტობა არ ნიშნავს გულგრილობას ან განურჩევლობას, არც განსხვავებული მსოფმხედველობის ან ცხოვრების წესის მიღებას, იგი ნიშნავს სხვებისთვის უფლების მიცემას, იცხოვრონ თავიანთი ინდივიდუალური მსოფმხედველობის შესაბამისად. ტოლერანტობა მოიცავს ადამიანის თავისუფალი არჩევნის ზოგადი უფლების პატივისცემას და არა რომელიმე კონკრეტული არჩევნის პატივისცემას. ტოლერანტობის გააზრებული გამოვლინება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც განსხვავებულის დაშვების, ნებართვის ნაცვლად, მავანს შეუძლია მისი აკრძალვაც. ისტორიულად, ტოლერანტობა ძირითადად გამოიყენებოდა სახელმწიფო რელიგიასთან დაპირისპირებული შეხედულებების კონტექსტში და აღნიშნავდა დომინანტი რელიგიის წარმომადგენელთა მხრიდან სხვა რელიგიათა არსებობის დაშვებას, თმენას, გაძლებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს უყურებდნენ უარყოფითად, როგორც დაბალი რანგისას, შემცდარს ან საზიანოს. მეოცე საუკუნიდან ტოლერანტობის მოსაზრება გაფართოვდა, მასში ჩაირთო პოლიტიკური და ეთნიკური ჯგუფები, ჰომოსექსუალები და სხვა უმცირესობები.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაციობრიობა საბოლოოდ მიხვდა თანასწორობის მნიშვნელობას და გადაწყვიტა ამ პრინციპის საყოველთაოდ აღიარება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასაბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს მიღებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ პირველივე მუხლი აცხადებს: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.“
თანასწორობის საკითხთან მიმართებაში საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობაც, რომლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ტრადიციები და ისარგებლონ საკუთარი დედა ენით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის ჩანაწერი ჩვენს ქვეყანაში თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს განამტკიცებს, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს იმის გარანტიას, რომ მიუხედავად რაიმე ნიშნით განსხვავებისა ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
მრავალფეროვნების ცნება პირდაპირ კავშირშია დისკრიმინაციის აკრძალვასთან. დისკრიმინაცია განსხვავებული ნიშნის ადამიანთა მიმართ ძალადობაა, რომელსაც არ აქვს ობიექტური გამართლება. როგორც უკვე ვახსენეთ საქართველოს კონსტიტუციის მე–11 მუხლის ჩანაწერი, რომელიც ერთი შეხედვით ამომწურავად ჩამოთვლის დისკრიმინაციის ნიშნებს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაკტიკით საქართველოს კონსტიტუციის მე–11 მუხლის შინაარსი გახსნილია და მასში მოიაზრება დისკრიმინაციის ყველა ნიშანი.

ანა არუთუნიანი