სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს ეცნობა. ამ მიზნით, დელეგაციის წევრები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ესტუმრნენ. ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ მათ პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის და შინაპატიმრობის ელექტორნული მონიტორინგის აღსრულებაზე ინფორმაცია მიაწოდა.
„ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები პირობით მსჯავრდებულებისთვის შექმნილ ინოვაციურ მოწყობილობას „PROBBOX”-ს გაეცნენ. მოისმინეს ინფორმაცია კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა, ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, ასევე, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებზე.
სომხეთის რესპუბლიკის პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელ გევორგ სიმონიანთან და სისტემის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე და სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები რუსთავში, პრობაციის ბიუროს ესტუმრებიან. სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით, 29 აპრილამდე დარჩება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.