„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება.
მმართველი პარტიის ინფორმაციით, აღნიშნული კანონის მიზანია, ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებების დაცვისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერება.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
როგორც მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, დღეს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელს აწერს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონს, რომელსაც ხელი არ მოაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
„ჩემთვის ამ კანონზე ხელის მოწერა, არის ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე ხელმოწერა. ხელმოწერა, რომლის უკან დგას ერიც და ბერიც“, – დაწერა პაპუაშვილმა „ფეისბუქზე“.