ევროსასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე აღსრულება უვადოდო შეაჩერა. 3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება სტრასბურგის სასამართლოს განმხილველმა პალატამ ერთხმად გააგერძელა. შედეგად, საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს.
ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ. აქციის ფარგლებში, მისი მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან მგზავრობის ფასის 10 თეთრით გაზრდას ითხოვენ. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი მგზავრების გადაყვანაზე უარს ამბობენ, ქუთაისის მერიაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა.
ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე დასაქმებულები საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელფასების დროულად მიღებას, ანაზღაურების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, იანვრის თვის შემდეგ, ხელფასის მხოლოდ მცირე ნაწილი დაერიცხათ. დასაქმებულები ითხოვენ შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებასაც. სამშენებლო კომპანიაში კი განმარტავენ, რომ იანვრის ხელფასი უკვე გაიცა, დარჩენილი დავალიანება კი უახლოეს მომავალში ანაზღაურდება.
„როდესაც ფუნდამენტური გადასინჯვა მიმდინარეობს კონსტიტუციის, მე მიმაჩნია და ამის მტკიცების სერიოზული საფუძველი მაქვს, რომ ეს უნდა იყოს ყველა მოქალაქის და ყველა ინტერსჯგუფის სრული თანხმობის დოკუმენტი. სამწუხაროდ, ვხედავთ კომისიას, რომელშიც საკმაოდ მაღალკვალიფიციური კონსტიტუციონალისტები ქმნიან დოკუმენტს რომელიც შეიძლება ძალიან დახვეწილი იყოს, მაგრამ ეს არ იქნება ჩემი, შენი, სხვა მოქალაქეების თანაცხოვრების დოკუმენტი“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა. ლიტვიდან, უნგრეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან მოვლენილმა სამხედროებმა ქართველ პარტნიროებთან ერთად ზამთრის პირობებში სამთო საბაზისო უნარ-ჩვევები ქართველი სამთო ინსტრუქტორების დახმარებით შეისწავლეს. სამი კვირის განმავლობაში ისინი სამთო სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალს, მარშგადაადგილებას და თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას დაეუფლნენ.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით ბუნებრივი აირის სრული იმპორტირება ხდება, ფასი კი ვალუტის კურსზეა დამოკიდებული. „ბუნებრივი აირი არის სრულად იმპორტირებული ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ხდება უცხოურ ვალუტაში გადახდა, დოლარით ხდება მისი ყიდვა და საქართველოში მოსახლეობაზე ხდება ეროვნულ ვალუტაში მისი გასაღება. ასე რომ, არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტარიფები გაიზარდოს. თუმცა, დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეულია კურსის ცვალებადობით“, -განაცხადა კახა კალაძემ.
„ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის ხელშეწყობა, რადგან ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია სამხედრო მზადყოფნისთვის ზოგადად. ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მომავალში, რათა ადგილზე შევძლოთ არა მხოლოდ შეკეთება, არამედ, სამხედრო ინდუსტრიის ხელშეწყობით, უფრო მეტი ადგილობრივი სამხედრო პროდუქციის წარმოებაც“, -განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს საპატრიარქო 2013 წლის მდგომარეობით 27 ბიზნესკომპანიას ფლობს, რომლებიც რამდენიმე სამეწარმეო სფეროში მოქმედებენ. საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია 90-მდე საგანმანათლებლო და სოციალური პროფილის დაწესებულება. 2013 წელს განხორციელებული კვლევის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დაადგინა, რომ 2002 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა სულ მცირე 200 მილიონ ლარს შეადგენს. 2013 წელს საქართველოს საპატრიარქომ ცენტრალური ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი მიიღო. მას იმავე ოდენობის დაფინანსება აქვს გამოყოფილი დღემდე. საჯარო რეესტრის მონაცემებით, საპატრიარქოს სრულ ან ნაწილობრივ მფლობელობაში 27 ბიზნესკომპანია ფიქსირდება. საპატრიარქოს დაფუძნებული აქვს სულ მცირე 84 არასამეწარმეო იურიდიული პირი, მათ შორის 4 უნივერსიტეტი, 5 სასულიერო სემინარია, 25 სკოლა, 8 სოციალური დაწესებულება, 18 საქველმოქმედო და განვითარების ფონდი და 16 კულტურული და სულიერი განვითარების ცენტრი. ზოგიერთი მათგანის წესდებაში კომერციული საქმიანობა მითითებულია როგორც დამხმარე.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1645 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22%-ით აღემატება 2015 წლის წინასწარ და 5%-ით ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 645 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 203 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – მშენებლობა 163 მლნ. აშშ დოლარით. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის IV კვარტალში 330 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2015 წლის IV კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 23%-თ ხოლო ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 1%-ითმეტია. 2016 წლის IV კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებისპირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 44%-ით, მეორე ადგილზე – თურქეთი 23%-ით, ხოლო მესამე ადგილზე გაერთიანებული სამეფო -12%-ით.