ჯავახეთი. აქ დიდი ქვეყნების ინტერესები გადის

70 წელი ჯავახეთი იყო ჩიხი -საბჭოთა კავშირის საზღვარი. რეგიონი, სადაც ადამიანები საშვებით გადაადგილდებოდნენ. მაშინ ჯავახეთიდან ბევრი წავიდა. დღეს ეს მხარე დერაფანია -სამი ქვეყნის გზაგასაყარი. აქ დიდი პროექტები და დიდი ქვეყნების ინტერესები გადის.

ჯავახეთის მოსახლების დიდი ნაწილი ეროვნებით სომეხია. 80-90-იან წლებში აქ აჭარიდან მუსლიმი ქართველები -ეკომიგრანტები ჩამოასახლეს. მანამდე, გასული საუკუნის 40-იან წლებში, სტალინის ბრძანებით ამ მხარიდან ერთ ღამეში მუსლიმი მესხები აყარეს და გადაასახლეს. რამდენიმე სოფელში კი, დღემდე ცხოვრობენ დუხობორები -უკვე აქაურ ეგზოტიკად ქცეული სლავები.

რატომ იცვლება ასე ხშირად ამ რეგიონის ადამიანური ლანდშაფტი? და ვინ არიან ამ რეგიონის მთავარი მოქმედი გმირები.

ჯავახეთი ზღვის დონიდან 1800-2100 მეტრ სიმაღლეზეა. საქართველოში არსად სხვაგან ისე არ ცივა, როგორც აქ. ზოგჯერ ზამთარში მინუს 40 ყინვებია.

აქაურები თოვლს და ყინვას მიჩვეულები არიან. ტყე აქ თითქმის არ არის. სახლები ზამთარში წივით (ოთხკუთხედად დაჭრილი გამხმარი ნაკელი) თბება.

გაზაფხულზე ამ ცივ და თოვლიან მხარეში ყველაფერი იცვლება. მდელოებზე ალპური ყვავილები ყვავის და ფრინველების დიდი შემოსევა იწყება. ჯავახეთი ფრინველების გადაფრენის ერთ-ერთი მთავარი დერეფანია საქართველოში.

ფარავანი, საღამო, ხანჩალი, ტაბაწყური, მადატაფა, ბუღდაშენი -„დიდი ტბების ქვეყანა“ -ასე შეიძლება დაარქვა ჯავახეთს. ზოგი ღრმა და ზოგიც წყალმარჩხი, ცივი და თბილი -წყალმცურავი ფრინველებისთვის აქაურობა სამოთხეა. სწორედ ამიტომ უამრავმა მათგანმა აირჩია ჯავახეთი, ზოგმა ბუდე დაიდგა და ზოგი გადაფრენისას დასასვენებლად.

თითქმის ყოველი სომხური ოჯახიდან ერთი ადამიანი მაინც არის წასული სეზონური ან მუდმივი სამუშოაოს საძიებლად რუსეთში. ძირითადად, მამაკაცები მიდიან, ზაფხულობით. მუშაობენ მშენებლობებზე, აგებენ გზებს და შემდეგ იმ ფულით მთელი ზამთარი ცხოვრობენ.

„ბედს არ ვუჩივი -მშენებლობაზე ვმუშაობ. ათი სული საქონელი მყავს, რძეს ვაბარებ. ცოლი და ორი ქალიშვილი მყავს. ერთი რამაა ცუდი -ვაჟი არ მეყოლა ჯერ, არადა საჭიროა“, -ჰყვება ჰენზელი ნინოწმინდადან.

„უკვე 10 წელია არსად გავსულვარ, ადრე სულ რუსეთში დავდიოდი სამუშაოდ, კრასნოდარის ოლქში. ვმუშაობდი მშენებლობაზე, ნახევარ-ნახევარი წელიწადი. იქ ბევრი ახლობელი მყავს, სადღაც ხუთი წელიწადი მანდ გავატარე.

იქ სამუშაო კი არის, მაგრამ ძნელია მაინც, ოჯახში არ ცხოვრობ, ცხელ სადილს არ ჭამ, წვალობ.

ჩვენი სოფლიდან ახლა ერთი 20 კაცი -სამუშაოდ რუსეთშია წასული. ადრე ნახევარი სოფელი გადიოდა. ფული გაუფასურდა და აზრი არა აქვს -რომ დაახურდავებ, ბევრი აღარ გრჩება. ადრე ნახევარი წლის ნამუშევარით აქ მთელ ზამთარს გასტანდი.

მე აქ დავიბადე, მამა კოლმეურნობის მძღოლი იყო. მაშინ კარგი იყო -სავსე ოჯახი გვქონდა.

ჩემი გოგოები სკოლაში დადიან. გათხოვებას არ აპირებენ, სწავლა უნდა გააგრძელონ. ქართული კარგად იციან. ერთმა მეორე ადგილი დაიკავა მათემატიკის ოლიმპიადაში. ასე რომ აწი დამეხმარებიან, ჩემნაირები კი არ იქნებიან, ნასწავლები გამოვლენ. სკოლის მერე კიდევ ქართულს მეცადინებენ, რომ მერე სამსახურის შოვნა არ გაუჭირდეთ.

უფროსს უნდა სასწავლებლად და სამუშაოდ წასვლა თბილისში. ბინას ვიქირავებთ და წავა თბილისში. ჩვენც რომ რუსეთში ვმუშაობდით, ბინას ვქირაობდით, ყველანი ერთად. ხშირად ეს ბინაც არ იყო, არაფერი არ გვქონსდა, ფიცრებზე გვეძინა 6-7 კაცს ერთად. არა, ოჯახში ჯობია. ჩემი გოგოები ასე არ იცხოვრებენ“.

ჯავახეთში, პლატოზე ფრინველების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამიგრაციო დერეფანი გადის. გაზაფხულზე ჩრდილოეთის მიმართულებით, ხოლო შემოდგომაზე -სამხრეთით, პლატოს ასიათასობით ფრინველი კვეთს. წყალმარჩხი და საკვები პლანკტონითა და თევზით უხვი ტბები წყალმცურავი ფრინველებისთვის მშვენიერი კურორტია -დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის.

გადაფრენა ხომ ხანგრძლივი და შრომატევადი მოგზაურობაა, ენერგიის დიდ მარაგს მოითხოვს. ამიტომაც ზაფხულის განმავლობაში ფრინველები ემზადებიან, სუქდებიან და შემოდგომისთვის მზად არიან გზას გაუდგნენ. ზოგი დღისით მიფრინავს (ყარყატები, მტაცებლები), ზოგიც -ღამე (იხვები და ზოგი ბეღურასნაირი).

ზამთარში აქ ფრინველი არ რჩება. ზამთარი სუსხიანი იცის. ტბები გაყინულია, საკვები კი -მიუწვდომელი.

თუმცა, ზაფხულში ყველა ფრინველი როდი ტოვებს აქაურობას. ბევრი აქ ამთავრებს მიგრაციას, ბუდეს იკეთებს და მართვეებს ზრდის.

ყარყატები, ვარხვები, იხვები, წეროებიც კი (წელს ჯავახეთში სავარაუდოდ სამმა წყვილმა დაიბუდა) თავშესაფარს და საკვებს ჯავახეთის ეროვნულ პარკსა და მიმდებარე ტერიტორიებზე პოულობენ.

მადატაფას ტბაზე სომხური თოლიების (Larus armenicus) უდიდესი კოლონიაა. ნახევარკუნძულზე, რომელსაც გაზაფხულზე ადიდებული ტბა კუნძულად აქცევს, ათი ათასზე მეტი ფრინველი ბინადრობს.

ნიკა წიკლაური