24 აპრილს თბილისში, თურქეთის საელჩოს წინ, 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის აღიარების მოთხოვნით საპროტესტო მანიფესტაცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა თურქეთის ხელისუფლების მიერ გენოციდის უარყოფის პოლიტიკისადმი პროტესტი გამოთქვეს. მოუწოდეს მოინანიონ ჩადენილი დანაშაული და ჩადენილი დანაშაულისთვის საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად პასუხი აგონ სომეხი ერისა და კაცობრიობის წინაშე.
აქციის მონაწილეებმა, ასევე მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას პატივი აგოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ნებას და სახელმწიფო დონეზე 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის ოფიციალური აღიარებისა და დაგმობის პროცესი დაიწყოს.
2018 წლის 24 აპრილს ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე სომეხი ერის, თავისვე ისტორიულ სამშობლოში, სახელმწიფო დონეზე დაგეგმილი განადგურების -გენოციდის 103-ე წლისთავი შესრულდა.
1915–1923 წლებში განხორციელებული გეგმის შედეგად, სომეხმა ერმა 2,000,000 -ზე მეტი ადამიანი და საკუთარი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაკარგა. თურქეთის ხელისუფლების მიერ 1915–1923 წლებში სომეხი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული კლასიფიცირდება როგორც გენოციდი -დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ამაზე მეტყველებს უამრავი დოკუმენტი, მათ შორის იურიდიული ძალის მქონე. ჯერ კიდევ 1915 წლის მაისში დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და რუსეთმა ერთობლივი დეკლარაციით გამოვიდნენ, რომლითაც თურქეთში მიმდინარე სომეხი ერის განადგურებას „კაცობრიობისა და ცივილიზაციის წინააღმდეგ ახალ დანაშაულს“ უწოდებდნენ. სომეხი ერის უფლებების აღდგენის საკითხები იყო განხილული 1919 წელს, პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. სომეხთა გენოციდის დამამტკიცებელია ასევე 1920 წლის სევრის ხელშეკრულება.
სომეხთა გენოციდის ფაქტი საფუძვლად დაედო 1943წ. რაფაელ ლემკინის მიერ შემუშავებულ და 1948წ. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ 260 A(III) რეზოლუციას, რომლითაც მიღებულ იქნა „კონვენცია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“. 1993 წლის 11 ოქტომბერს საქართველომ ამ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.
დღეისათვის, სომეხი ერის გენოციდი, შესაბამისი რეზოლუციებითა და გადაწყვეტილებებით აღიარებულია მსოფლიოს 20-ზე მეტ წამყვან სახელმწიფოს, ასევე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსა და ევროპის სახალხო პარტიის მიერ. 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის აღიარების პროცესი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს (აშშ, ბულგარეთი, ესპანეთი, ისრაელი და სხვა).