აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით მუშების ხუთდღიანი საპროტესტო აქცია დასრულდა

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით მუშების ხუთდღიანი საპროტესტო აქცია დასრულდა. თავად გაფიცულების თქმით, დამსაქმებლის სასარგებლოდ. გვეუბნებიან, რომ Macro Construction-მა მათი მოთხოვნების მხოლოდ ნაწილი შეასრულა, მაგრამ იძულებულნი არიან გააგრძელონ მუშაობა, რადგან სხვა გზა არ აქვთ. გაფიცულების თქმით, დამსაქმებელი ხელფასების აპრილამდე გადახედვას დაჰპირდა. აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის თანამშრომლები დღიური ანაზღაურების 10 ლარით გაზრდას, ხელშეკრულებით დადგენილ საათებში მუშაობას, კვების რეჟიმის შეცვლას და თანამდებობიდან გათავისუფლებული კოლეგების აღდგენას ითხოვენ. გაფიცვებისაგან განსხვავებით, მოლაპარაკებებს ნაყოფიერს უწოდებს ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი. მისი თქმით, საწარმოს ხელმძღვანელობამ გაფიცული მუშების მოთხოვნების უმეტესი ნაწილი შეასრულა, რაც შეეხება ხელფასების გაზრდას, ეს აპრილიდან იგეგმებოდა. მისივე თქმით, ახალი ხელშეკრულებები გაფორმდება იმ თანამშრომლებთან, რომლებიც კომპანიაში საკუთარი ავტომობილებით მუშაობენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აბასთუმანში შემოვლითი გზის მშენებლობაზე ტენდერი 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა 47 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით. ტენდერში ხუთი კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან გამარჯვებული შპს ჯეო ჯგუფი გახდა. კომპანიამ გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია 759 დღეში უნდა დაასრულოს. პროექტი დაიწყო 2020 წლის 7 ივლისს.