გაფიცულებმა აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე მუშაობა განაახლეს

აბასთუმნის შემოვლითი გზის მუშებმა მუშაობა გაფიცვიდან მეხუთე დღეს განაახლეს. როგორც გვეუბნებიან, მათი მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილდა და რამდენიმე გათავისუფლებული თანამშრომელი აღადგინეს. რაც შეეხება ხელფასებს, მათ დაპირებისამებრ აპრილამდე ლოდინი სთხოვენ.

„დღეს ყველანი სამსახურში წავედით. დაველოდოთ აპრილს, რადგან გვითხრეს, რომ გაზაფხულზე ხელფასების საკითხს განიხილავენ“, – ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი გოდერძი აბულაძე.

შეგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული პროექტის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას, ზეგანაკვეთის გადახდას, კვების საკითხების მოგვარებას, ხელშეკრულებების ასლების გადაცემას და გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას ითხოვდნენ.

მუშები 4 თებერვალს გაიფიცნენ. მას შემდეგ Macro Construction-ის წარმომადგენელს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია დეტალურ განმარტებას დღეს გააკეთებს, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.