საქართველოს ეროვნულ მუზეუმში რეჟისორ, თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის – ,,კოლხეთის სამეფოს სასტიკი წესები“ პრეზენტაცია ჩატარდება.
პრეზენტაცია 12 აპრილს, 15:30 საათზე დაიწყება.
ორგანიზატორების ინფორამციით, ფილმი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის ,,პალინოლოგიის მონაცემები, როგორც წყარო ძვ.წ. V-I საუკუნეების აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ისტორიის შესწავლისათვის’’ (YS-19-819) ფარგლებში არის გადაღებული.
დოკუმენტური ფილმი ეფუძნება პალინოლოგიური კვლევის შედეგებს, რომელიც ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი არტეფაქტებიდან აღებულ ორგანულ ნაშთებზე ჩატარდა. ფილმი მოგვითხრობს ანტიკური ხანის ვანის ნაქალაქარზე არსებული ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, დაკრძალვის რიტუალის, კლიმატისა და გარემო პირობების შესახებ.
ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორია – თომა ჩაგელიშვილი; პროექტის ხელმძღვანელი – მაია ჭიჭინაძე, პალინოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი; პროექტის მენტორი – დიმიტრი ახვლედიანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი; პროექტის მონაწილე – ელისო ყვავაძე, პალინოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის წამყვანი მეცნიერი.
პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.