საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართული საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობა კითხვარის მეორე ნაწილის ევროკომისიისთვის გადაცემას 10 მაისს გეგმავს.

„დავასრულეთ კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ჩვენ ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის ევროკომისიას საქართველომ გადასცეს კითხვარის ბოლო ნაწილი.

როგორც თქვენთვის ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკური და სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებაშიც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიწია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა სახელმწიფო უწყებას, საქვეუწყებო დაწესებულებებს, ვინც იღებდა ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობას მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.