9 მაისი ახალქალაქში

დღეს ახალქალაქში ყვავილებით შეამკეს სამამულო ომის ვეტერანის ვაჩაგან ვანციანის ძეგლი.

9 მაისი აღინიშნება სსრკ-ს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღედ. დილიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შენობასთან შეიკრიბნენ მუნიციპალიტეტისა და სამხარეო საკრებულოს თანამშრომლები, რომლებმაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატ სამველ მანუკიანთან ერთად მივიდნენ ვაჩაგან ვანციანის ძეგლთან და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, სამხარეო საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მუნიციპალიტეტისა და სამხარეო საკრებულოს სხვა თანამშრომლები.

ჩვენთან საუბარში ახალქალაქის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჰამლეტ მოვსისიანი ამბობს, „ყოველწლიურად ამ დღეს ჩვენ პატივს ვცემთ დიდ სამამულო ომში მონაწილე ვეტერანთა და დაღუპული გმირების ხსოვნას. დღეს ბევრი გამოწვევაა და პლანეტას მესამე მსოფლიო ომი ემუქრება, მშვიდობას ვუსურვებ მთელ პლანეტას“.

მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ვალერი სტელმაშოვი სინანულით გამოთქვამს, რომ მუნიციპალიტეტში ვეტერანები არ დარჩენილა. „ვეტერანებს ვკრებდით, ისინი საუბრობდნენ, იზიარებდნენ მოგონებებს, ყველა ლაპარაკობდა მათ ბრძოლაზე. დღეს, სამწუხაროდ, არავინ არის და მათ ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ“.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად ახალქალაქში მეორე მსოფლიო ომის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება.