„უმიზეზოდ გაგვათავისუფლეს. ახლა მუშებს უთხრეს, რომ ხელფასს არ გადაუხდიან, თუ ხელშეკრულებას შეცვლილი ფორმით არ მოაწერენ ხელს“, – გვითხრა ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნიდან გათავისუფლებულმა ანდრო ბაბლიძემ. მან განაცხადა, რომ აპირებს კანონის ფარგლებში გააპროტესტოს და იგივე პირობებით აღდგენა მოითხოვოს.
პროფკავშირის წარმომადგენლის, გიორგი დიასამიძის განცხადებით, დღეს გაიმართა შეხვედრა მედიატორთან, რომელზეც მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი მოთხოვნები.
„შუამავალმა გვითხრა, რომ კომპანიასა და თანამშრომლებს შორის არის საერთო გადაკვეთის წერტილები. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მედიაციის პროცესი“, – ამბობს გიორგი დიასამიძე
კომპანიის თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლებული 49 თანამშრომლის აღდგენას, ადრინდელი სამუშაო პირობების დაბრუნებას, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას, უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას და ხელფასის 25%-ით გაზრდას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ IDS Borjomi Georgia-ს ერთ-ერთი რუსი მფლობელის სანქციებთან დაკავშირებით, კომპანიამ ბორჯომის ჩამოსხმა შეწყვიტა. დასაქმებულთა ხელშეკრულებებში ცვლილებები შევიდა და ზოგიერთი პირი, ვინც განახლებულ კონტრაქტს არ მოაწერა ხელი, სამსახურიდან გაათავისუფლეს.