თეა ახვლედიანი საქართველოში საბერძნეთის ელჩს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მარია თეოდორუსთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწოფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას და ელჩს მადლობა გადაუხადა საბერძნეთის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე – შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.

„დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები. სახელმწიფო მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს მოქალაქისთვის, მამუკა ჩხიკვაძისთვის 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობის მისჯის გამო და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის ჰუმანიტარულ ჭრილში დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობაზე, რომელიც ერთი მხრივ, მიზნად ისახავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ, ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის, ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობას, ჰუმანიტარული და სტატუს-ნეიტრალური მექანიზმების გამოყენებით.

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა მთავრობის მიერ დამტკიცებული 2021-2030წ.წ. სახელმწიფო სტრატეგია, რომელშიც განსაზღვრულია სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.