ადიგენის რაიონის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა სკოლის ანგარიშიდან ბანკში საკუთარ ანგარიშზე 143 000 ლარამდე გადარიცხა, რომელიც აზარტულ თამაშებსა და სხვადასხვა კომერციულ გასართობ დაწესებულებებში იყენებდა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს დერცელის სკოლის დირექტორი მერაბ ბერიძე. მისი თქმით, ამის გამო რამდენჯერმე დაიკითხა.
დირექტორის თქმით, 2021 წლის სექტემბრიდან სკოლაში ბუღალტერი არ მუშაობდა.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.