დანიის სამეფო საქართველოში საელჩოს გახსნის

დანიის სამეფომ საქართველოში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ დანიის საგარეო მინისტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს იეპე კოფიდის შეხვდა, რა დროსაც კოლეგამ განაცხადა დანიის სამეფოს გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ.

„შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს დანიასა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობას, რომელმაც ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა. ამ მხრივ ხაზი გაესვა ურთიერთვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ აღინიშნა მიმდინარე წლის მარტში საქართველოში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი.

ხაზი გაესვა საქართველოს და ზოგადად ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ დანიის მხრიდან გამოჩენილ მზარდ ინტერესს და მხარდაჭერას, რაც სათანადოდ არის ასახული დანიის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში.

მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურ კავშირებზე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.