14,15,16 ოქტომბერს „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში „ეთნოფესტი 2022” ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 27 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მხატვრული რეწვის და დიზაინის თბილისის IV საერთაშორისო სამიტის „ეთნოფესტი 2022“ ოფიციალურად გამოცხადდება.
პრეზენტაციაზე სამიტის ორგანიზატორები პარტნიორებს, მხარდამჭერებს, სპონსორებსა და პოტენციურ მონაწილეებს წარუდგენენ სამიტის პროგრამას, გააცნობენ მონაწილეობის პირობებს, მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს და მიაწვდიან ინფორმაციას სამიტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგებისა და კონკურსების შესახებ.
მხატვრული რეწვის და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი”- სამხრეთ კავკასიაში დარგის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ექსპოს, გამოფენებს, ტრენინგებს, პრეზენტაციებს, საჯარო ლექციებსა და ბიზნეს შეხვედრებს. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში ერთ სივრცეში თავს უყრის შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს, კერძოდ, დიზაინერებს, მეწარმეებს, ხალხური რეწვის, ხელნაკეთი პროდუქციის ოსტატებს, მხატვრებს და სხვ.
სამიტს ესწრებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, კომერციული აგენტები, ტუროპერატორები და ბიზნესის წარმომადგენლები. ფესტივალი ქმნის დარგის ეკონომიკური მდგრადობის, ადგილობრივი სასაჩუქრე ბაზრის განვითარების, საერთაშორისო ბაზარზე ქართული ნაწარმის ცნობადობის გაზრდის, პროდუქციის მარკეტინგის და მწარმოებლების ინტეგრაციის შესაძლებლობას. ყველა თბილისელისა და ჩამოსული სტუმრისთვის „ეთნოფესტი“ ქმნის ახალ ტურისტულ სანახაობას და დამსახურებულ ადგილს იკავებს მსგავს საერთაშორისო გამოფენებს შორის.
„ეთნოფესტი“ დაარსდა 2016 წელს ხელოვნების საეთაშორისო ცენტრის მიერ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში და მას შემდეგ ოპერირებს ბიენალეს პრინციპით.
ამ წლის ღონისძიების თანაორგანიზატორები და თანადამფინანსებლები არიან თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო; USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა; ევროკომისიის შემოქმედებითი ევროპის პროექტი Crafting Europe; ევროკავშირის „შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამა“, საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები.
2022 წლის სამიტი აერთიანებს შემდეგ ღონისძიებებს:
- მხატვრული რეწვის და დიზაინის ექსპო
- რეწვის და დიზაინის საერთაშორისო კონფერენცია (ჰიბრიდულ ფორმატში)
- საჯარო ლექციების სერია
- კონკურსი „ საუკეთესო სტენდი“
- პროფესიული ვორქშოფები მხატვრული რეწვის ოსტატებისთვის
- საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ინდივიდუალური კონსულტაციები.