საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სპორტულ – შემეცნებითი ოლიმპიადა 16 ივნისს გაიმართა.

ორგანიზატორების ცნობით, ფინალში გასულმა გუნდებმა წარმოადგინეს ნამუშევრების პრეზენტაცია თემაზე „ოლიმპიური თამაშები ანტიკური ხანიდან დღევანდელობამდე“.

მათი ცნობით, დაჯილდოებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

„ფინალურ ეტაპზე მონაწილე თბილისის 36-ე საჯარო სკოლის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის პირველი საჯარო სკოლის და მერაბ კოსტავას სახელობის თელავის მე-4 საჯარო სკოლის გუნდების ნამუშევრებიდან გაზეთ „ლელოს“ რედაქციამ გამოავლინა ჩემპიონი და პრიზიორი გუნდები.

საქართველოს სპორტულ- შემეცნებითი ოლიმპიადა 2022-ის გამარჯვებული გახდა მერაბ კოსტავას სახელობის თელავის მე-4 საჯარო სკოლა, მეორე ადგილი დაიკავა თბილისის 36-ე საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის პირველი საჯარო სკოლა.

გამარჯვებული და პრიზიორი სკოლების გუნდები დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებითა და თასით.

თითოეულ სკოლას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან, გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია ულოცავს გუნდებს გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.