2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა – გარდაცვალების მიზეზებს შორის სისხლის მიმოქცევის სისტემის, კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები და სიმსივნე სჭარბობს

2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, გარდაცვალების მიზეზებს შორის სჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, რომელზეც მოდის გარდაცვლილთა 37.0 პროცენტი, კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (18.8 პროცენტი) და სიმსივნეები (12.8 პროცენტი).

„ასაკთან მიმართებაში იცვლება გარდაცვალების მიზეზები ძირითადი კლასების მიხედვით. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2021 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.