ახალციხეში, ქალაქის ცენტრში, სასმელი შადრევანი დაზიანდა

ახალციხეში, ქალაქის ცენტრში, შოთა რუსთაველის ძეგლთან, სასმელი შადრევანი დაზიანდა.

ეს არის ერთ-ერთი სასმელი შადრევანი, საიდანაც ქალაქელებს შეეძლოთ წყლის გამოყენება. მსგავსი შადრევანი ქალაქის ცენტრალურ პარკშია განთავსებული, თუმცა პარკში რეაბილიტაცია რვა თვეზე მეტია მიმდინარეობს და სასმელი წყლით შადრევანი არ მუშაობს.

როგორც ახალციხის მერიაში გვითხრეს, აღნიშნულ დაზიანების შესახებ ინფორმირებულნი არიან და პრობლემას უახლოეს მომავალში გამოასწორებენ.

ქალაქში მსგავსი ფაქტების  პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე თვის წინ ქალაქის ცენტრში ხეები დაზიანდა და ნაგვის ურნებს წაუკიდეს ცეცხლი .

რას აკეთებს ამისთვის მერია და აპირებს თუ არა პრევენციულ ღონისძიებებს? ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილი გვამცნობს, რომ თუ მსგავს შემთხვევებში ვანდალიზმის ფაქტი გამოვლინდება, ისინი შსს-ს მიმართავენ მორიგი რეაგირებისთვის.