ერთიანი ეროვნული გამოცდები გეოგრაფიის გამოცდით გრძელდება – დაწყებულია ნაშრომების გასწორების პროცესიც, – ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად მასწავლებლის გამოცდები მიმდინარეობს.
„2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. 21 ივლისს გამოცდა გეოგრაფიაში ტარდება – მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში გეოგრაფიის გამოცდას 1300-მდე აბიტურიენტი აბარებს. საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ამჯერად ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნო. ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად მიმდინარეობს მასწავლებლის გამოცდები. დღეს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდა ისტორიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ასევე ფიზიკასა და სპორტში ჩატარდა. გასული წლის მსგავსად, წელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს გამოსაცდელებს, რომლებსაც ოფიციალურად დაუდასტურდებათ კოვიდ-19, საგანგებოდ ორგანიზებულ დამატებით სესიაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი.
რამდენიმე საგამოცდო საგნის დამატებითი სესია უკვე ჩატარდა. მომდევნო დამატებითი სესიები კი 24 და 26 ივლისსაა ჩანიშნული. დეტალები გამოქვეყნებულია ვებგვერდზე: www.naec.ge
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 6 ივლისიდან საგამოცდო პროცესში მასწავლებლები ჩაერთვნენ. ცენტრმა უკვე უზრუნველყო სტუდენტთა საგრანტო კონკურსის როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სესიის ჩატარება. 26 და 27 ივლისს კი საერთო სამაგისტრო გამოცდაა ჩანიშნული. 2022 წლის გამოცდები დასრულებულად მას შემდეგ ჩაითვლება, რაც ჩატარდება ყველა დამატებითი სესია კოვიდინფიცირებული გამოსაცდელებისათვის.
დაწყებულია ნაშრომების გასწორების პროცესიც. აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ შეუძლიათ სურვილისამებრ შეცვალონ (წაშალონ ან დაამატონ) საგანმანათლებლო პროგრამები. ამის შესაძლებლობა მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.