ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კომპანია „ბორჯომის“ დირექტორისა და დამკვირვებლის კანდიდატურები ეკონომიკის სამინისტრომ შეარჩია, გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კომპანია „ბორჯომის“ დირექტორისა და დამკვირვებლის კანდიდატურები, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ შეარჩია, მთავრობამ უკვე შეითანხმა. ამის შესახებ დავითაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების ბრიფინგზე აღნიშნულ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საუბარია დამოუკიდებელ პირებზე.

მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას მთავრობა კანდიდატების კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად მიიღებს და არანაირად სამოხელეო ან პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით.

„ჩვენ აქ მივდივართ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც საზოგადოებას გავაცანით. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ნიშნავს სახელმწიფო. მთავრობამ უკვე შეითანხმა კანდიდატები, რომელიც ჩვენმა სამინისტრომ შეარჩია. არის ერთი დირექტორის და ერთი დამკვირვებლის კანდიდატურა. უახლოეს ხანებში მოხდება სარეგისტრაციო დოკუმენტების ცვლილება და შესაბამისად, ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის იქნება ღია, საჯარო და ხელმისაწვდომი. დამოუკიდებელ პირებზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას ვიღებთ კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად და არანაირად სამოხელეო ან პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით“, – განაცხადა დავითაშვილმა.