კიბერ-კლასში მიღება იწყება

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კომპანია „გრინნეტთან“ თანამშრომლობით კიბერ-კლასში მიღებას აცხადებს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კიბერ-კლასში სწავლა 15 აგვისტოს დაიწყება და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

უწყების ცნობით, კურსის მონაწილეებს კვირაში ორჯერ 2-2 საათის განმავლობაში ციფრული მმართველობის სააგენტოსა და კომპანია „გრინნეტის“ ტრენერების მიერ ლექციები და პრაქტიკული სავარჯიშოები ჩაუტარდებათ, კიბერუსაფრთხოების კონკრეტული თემის შესახებ ძირითადი ინფორმაცია მიეწოდებათ და სასწავლო რესურსები და დავალებები გადაეცემათ.

„კურსზე ჩარიცხვის წინაპირობებია: ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ზოგადი გამოცდილება, ცოდნა და უნარები. ასევე, ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა. სასურველია, კანდიდატებს შემდეგი ცოდნა და უნარები ჰქონდეთ: Windows/Linux ოპერაციული სისტემების ადმინისტრირების საფუძვლების ცოდნა; კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების საფუძვლების ცოდნა; პროგრამირების საფუძვლების ცოდნა; ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა.

კიბერ-კლასის ფარგლებში მონაწილეები შემდეგ ძირითად საკითხებს შეისწავლიან: შესავალი კიბერუსაფრთხოებაში; ქსელის, პროგრამირების, ლინუქსის და სკრიპტინგის საფუძვლები; კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები და სტანდარტები; Endpoint, IDS/IPS, WAF, SIEM გადაწყვეტილებებთან მუშაობა, ანალიზი და მონიტორინგის საფუძვლები; პენტესტის საფუძვლები ინციდენტზე რეაგირება და ანალიზი; მავნე კოდის ანალიზი; სისუსტეების, საფრთხეების კვლევა, ანალიზი და რეაგირება; კიბერშეტევები და სოციალური ინჟინერია.

კიბერ-კლასში მონაწილეობის საფასური 500 ლარია.

კიბერ-კლასის დასრულების შემდეგ მონაწილეებს თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარდებათ. კურსის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში სერტიფიკატი გადაეცემათ.

გამოცდის შედეგების მიხედვით საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულებს ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტში და აგრეთვე, კომპანია „გრინნეტში“ სტაჟირების შესაძლებლობა ექნებათ. საუკეთესო 4 სტუდენტს CompTIA Security+ გამოცდის ვაუჩერი გადაეცემა.

კურსში მონაწილეობის მსურველებმა CV და მოკლე სამოტივაციო წერილი 10 აგვისტომდე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე უნდა გამოაგზავნონ: cert@dga.gov.ge,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.