ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსთან, არაიკ ჰარუთიუნიანთან შეხვედრა გამართა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი არაიკ ჰარუთიუნიანის საქართველოში სამუშაო ვიზიტს მიესალმა და საქართველო-სომხეთის პოლიტიკური დიალოგის დონეს მაღალი შეფასება მისცა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების კარგი საფუძველია.

„არაიკ ჰარუთიუნიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გულთბილი მოკითხვა გადასცა.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებითა და ორმხრივი დღის წესრიგის წინსვლით დაინტერესებულია.

მხარეებმა საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო. თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს გულთბილი მოკითხვა გადასცა”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.