ახალქალაქში კლინიკა ევექსში 27 წლის ქალი გარდაიცვალა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოში მცხოვრები 27 წლის ქალი დღეს ახალქალაქის კლინიკა ევექსში გარდაიცვალა.

ახლობლები კლინიკას დაუდევრობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ერთი კვირის წინ, ახალციხის კლინიკა ევექსში, ქალმა ფიზიოლოგიური გზით იმშობიარა და ჩივილების მიუხედავად, პაციენტი სახლში გაწერეს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალი გუშინ ახალქალაქის კლინიკა ევექსში გადაიყვანეს, ის კომაში იმყოფებოდა.

ჩვენი რედაქცია დაუკავშირდა კლინიკა ევექსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, სადაც პაციენტის გარდაცვალება დადასტურდა. მათ კითხვებზე პასუხისგან თავი შეიკავეს და დაგვპირდნენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებდნენ. საკითხში გარკვევას დაგვპირდნენ ჯანდაცვის სამინისტროში.

შესაბამისი უწყებებიდან ოფიციალური პასუხების მიღების შემდეგ მასალა განახლდება.