პოლიტიკური დევნა ან კანონდარღვევა – შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დააკავა.

 

ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს, რომლებიც კერძო ავტომობილს მართავდნენ, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. შემთხვევა 23 აგვისტოს ახალქალაქში მოხდა.

ამავე წყაროს ცნობით, ავტომობილის მძღოლის ვინაობის დადგენის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველომ აღნიშნული პირის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დაკავების მიზეზი პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა გახდა.

24 აგვისტოს ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ არტურ მკოიანი დამნაშავედ ცნო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით 11-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული მკოიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგზე ამბობენ, რომ არტურ მკოიანის სახლის ჩხრეკა და მისი დაკავება პოლიტიკური დევნის გაგრძელებას უკავშირდება. გიორგი ბოტკოველის თქმით, შსს-მ მკოიანის ოჯახის ჩხრეკისას იარაღის ჩადება სცადა.

ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო წერილობით გამოეხმაურა და ოჯახის პოლიტიკური დევნა უარყო. უწყების ცნობით, გავრცელდა ვიდეო, სადაც არტურ მკოიანი იარაღს ისვრის, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.