ახალქალაქში 5 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – პროკურატურა

ახალქალაქში, მეუღლის ოჯახის ხუთი წევრის, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობის მცდელობისთვის მამაკაცს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, იუწყება საქართველოს პროკურატურა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოიკვლია მტკიცებულება, რომ ოჯახში ძალადობისა და მუქარისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლზე ძალადობდა.

შემდეგ ცოლის მშობლების სახლში მივიდა, სადაც დანით დაჭრა ცოლის მშობლები, ცოლის და, ძმის ცოლი და მცირეწლოვანი შვილი.

შემთხვევა 2021 წლის 11 დეკემბერს მოხდა. ბრალდებულს ბრალი ოჯახში ძალადობასა და მძიმე მკვლელობის მცდელობაში ედებოდა.