13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა უხეშად დაარღვიეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწესებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და თავს დაესხნენ სომხეთის რიგ ქალაქებსა და რეგიონებს. აზერბაიჯანმა თავისი აგრესია მეზობელი სახელმწიფოს სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ სხვადასხვა იარაღით, კერძოდ არტილერიითა და ავტომატებით ახორციელებდა. აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი აგრესიის შედეგად სომხეთში არიან დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები, ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სამოქალაქო შენობებს.
ამ დროს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო, უკრაინასთან ერთად, ებრძვის რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, რუსეთის სამხრეთი მოკავშირე აზერბაიჯანი ბომბავს დემოკრატიულ პრინციპების დამცავ სუვერენული სომხეთის ტერიტორიას. აზერბაიჯანი სამხედრო აგრესიით, შანტაჟითა და ოკუპაციის მუქარით ცდილობს ზანგეზურის დერეფნის ჩამოყალიბებას.
ამიტომაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აშშ-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელობით ვალდებულია მტკიცედ დაუჭიროს მხარი დემოკრატიულ გზაზე მყოფ პატარა და სუვერენულ სომხეთს , რათა არ განხორციელდეს იგივე სცენარი, რომელიც დღეს ტარდება სუვერენული და დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ითვლება CSTO-ს წევრად და რუსეთის ფედერაციის მოკავშირედ, მთელი პასუხისმგებლობით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მოკავშირე ურთიერთობები სომხეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის დამყარდა ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც რუსეთის ფედერაცია იყო აშშ-სა და ევროკავშირის პარტნიორი . მაშინ სომხეთმა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაამყარა ურთიერთობა . დღეს ჩვენ ტკივილით უნდა განვაცხადოთ, რომ რუსეთის ფედერაცია სომხეთის მოკავშირე და უსაფრთხოების გარანტორიდან გადაიქცა სახელმწიფოდ, რომელსაც სურს ამ ქვეყნის სუვერენიტეტის უზურპაცია. ეს ფაქტი არ შეიძლება არ შეამჩნიონ აშშ და ევროკავშირი.
ძვირფასო ელჩებო, სწორედ ამიტომ გვინდა თქვენი მეშვეობით მივმართოთ აშშ-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებს მოწოდებით დაიცვან დემოკრატიულ გზაზე დამდგარი მცირე სომხეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მოვუწოდებთ გადამწყვეტი ქმედებებისკენ და თანასწორობის ნიშნისკენ ყველა ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც ცდილობს ძალით და ძალადობით მიითვისოს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები, რაც მიუღებელია ყველა საერთაშორისო სტანდარტით.
მედია ანალიტიკური ცენტრი სამცხე-ჯავახეთი
საქართველო 13.09.2022წ