ბორჯომის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის კამპანიას უერთდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის კამპანიას უერთდება, რომელიც დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, გენდერული საბჭოს ორგანიზებით, ბორჯომის შოთა რუსთაველის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის მესხეთის დრამატული თეატრის სპექტაკლის ,,ირინეს ბედნიერების” ჩვენება მოეწყო.

 

„პიესა ახალგაზრდა ქალის – ირინეს სულიერი ტკივილების შესახებ მოგვითხრობს. ღარიბული ოჯახიდან გამოსულ ირინეს მისი სურვილის წინააღმდეგ ათხოვებენ საკმაოდ შეძლებულ, წარმოსადეგ ახალგაზრდა აბესალომზე. ირინე თითქოს, ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ ქმარს იგი არ უყვარს, პატივს არ სცემს, უსიცოცხლო ნივთივით ექცევა, უსაფუძვლოდ ეჭვიანობს, ამიტომაც, ირინეს ბედნიერება მოჩვენებითია.

ასევე, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში მოეწყო მოსწავლეების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შექმნილი ნახატების ჩვენება.

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული საბჭო სხვადასხვა სახის თემატურ აქტივობებს გეგმავს”, – ნათქვამია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.