ადიგენის მუნიციპალიტეტი საახალწლოდ ქუჩების კეთილმოწყობისა და 2023 წლის შეხვედრის ღონისძიების მოსაწყობად 61 000 ლარამდე გამოყოფას გეგმავს. ამ თანხაზე გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ერთადერთმა განმცხადებელმა შპს „ჯეო სტრიმმა“ და შესთავაზა ამდენივე თანხა მერიის მუშაობისთვის, რაც ტენდერში იყო გათვალისწინებული.
დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარეობს შერჩევის შეფასების პროცესი. რაც შეეხება შესრულებულ სამუშაოებს, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია საახალწლო გირლანდების ჩამოკიდება ადიგენის მთავარ ქუჩაზე 40 სანათურზე, ცენტრალურ პარკში 45 ხეზე. ასევე, კომპანიამ უნდა მიაწოდოს და გააფორმოს როგორც ნაძვის ხე, ასევე მიმდებარე ტერიტორია სხვადასხვა აქსესუარებით.
ადიგენის მუნიციპალიტეტში გვეუბნებიან, რომ ახალ აქსესუარებთან ერთად ძველ აქსესუარებსაც გამოიყენებენ. გასულ წელს მერიამ ამ სამუშაოებზე ტენდერი არ გამოაცხადა.