0 ლარი ახალციხეში ტაბიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციისთვის და დაპირება, რომელიც 5 წელი გრძელდება

როდის შეკეთდება ახალციხეში ტაბიძის ქუჩაზე დაზიანებული გზა? ამ კითხვას მერიას 2020 წლიდან ვუსვამთ. პასუხების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პრობლემა 2021 წელს უნდა მოგვარებულიყო.

თუმცა, როგორც ირკვევა, გზის რეაბილიტაცია არც 2023-2026 და არც მომავალი წლის პრიორიტეტებში არ არის ჩამოთვლილი.

ტაბიძის ქუჩაზე მცხოვრები ჰასმიკ ჰარუთუნიანი ამბობს, რომ 2018 წლიდან გზის რეაბილიტაციას ყოველწლიურად ჰპირდებიან, თუმცა ჯერ არ იცის როდის შეკეთდება გზის დაახლოებით 700 მეტრიანი მონაკვეთი, რომელიც განსაკუთრებით პრობლემურია წვიმიანი  და თოვლიანი ამინდის დროს.

გთავაზობთ ქრონოლოგიას: 2020 წლის 13 ოქტომბერს ახალციხის მაშინდელმა მერმა ზაზა მელიქიძემ გვითხრა, ციტატა: „პროექტი მზად არის და 2021 წლის ბიუჯეტშია შეტანილი“.

2021 წლის 27 დეკემბერს ყოფილი მერის პასუხი ასეთია: „გზა 2021 წელს განხორციელდება“.

2021 წელს საკრებულოს დეპუტატმა ზაზა მელიქიძემ გვითხრა, ციტატა: „პროექტი მომზადებულია და შევიდა 2022 წლის რეგიონული განვითარების პროექტის ფონდში“, თუმცა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.

რას ამბობს ამის შესახებ ახალციხის ახალი მერი ირაკლი ლაზარაშვილი? – ამის შესახებ მერს მთავარი ფინანსური დოკუმენტის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ვკითხეთ. მერის თქმით, ამჯერად პრიორიტეტად სოფლებისკენ მიმავალი გზები განიხილება და  „იმედოვნებს, რომ გზის რეაბილიტაცია ტაბიძის ქუჩაზეც მოხდება“.