რა თანხის დახარჯვას გეგმავს ნინოწმინდის მერია 2023 წლის შესახვედრად — ტენდერი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 2023 წლის შესახვედრად ქალაქის ცენტრალური ქუჩების განათებისთვის 14 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავს – ტენდერი ორჯერ გამოცხადდა.

პირველ ტენდერში არავინ მიუღია მონაწილეობა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია 10 ერთეული LED კონსტრუქციის 4 მეტრი სიგანის შეძენა და დამონტაჟება, ასევე 8 დეკორატიული LED კონსტრუქციის შეძენა, რომელიც ქალაქის ცენტრში ბოძებზე დამაგრდება. გამარჯვებულ კომპანიას ასევე ევალება არსებული ნაძვის ხის დამატებითი აქსესუარების შეძენა და მორთვა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, თანხა მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის მერიას შარშან საახალწლოდ კონკურსი არ გამოუცხადებია და ქალაქი არსებული აქსესუარებით იყო მორთული.

შეთავაზებები მიიღება 4-6 დეკემბერს.