საგამოძიებო სამსახურში სომხეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეებმა – ვაჟა ფანოზიშვილმა და ვახტანგ ფარესიშვილმა, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის, საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო დეპარტამენტის უფროსს – ვაჰან ჩარხიფალაკიანსა და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს – არტურ უზუნიანს, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკა და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის არსებული გამოწვევები საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით და კონკრეტული მიმართულებებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.