ბორჯომში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან შეხვედრები გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა და მიღწეულ შედეგებთან ერთად სამომავლო გეგმები გააცნო.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიმდინარეობისას, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, სამინისტროს წარმომადგენლებს ბორჯომის დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათი საჭიროებების მოგვარების გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ტაბატაძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.