ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა „ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის”, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა გააცნო დეპუტატებს.
მისი თქმით, სტრატეგია ოთხ მიმართულებას მოიცავს.
„სტრატეგიის ოთხი ძირითადი პრიორიტეტია: მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობის პრინციპების, ინსტიტუციური დემოკრატიის გამყარება და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა; ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერება და ამისთვის სისტემური გარანტიების გაუმჯობესება; თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში და მათი დანერგვა პრაქტიკაში და ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობა დისკრიმინაციის გარეშე; რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა”, – განაცხადა ნიკო თათულაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც მიიღო მთავრობამ და რომელშიც ასახულია ჩვენი ქვეყნის ამბიციური მისწრაფებები – ადამიანის უფლებების სტანდარტების გაუმჯობესება იყოს შეუქცევადი და სტაბილური პროცესი მომდევნო წლების განმავლობაში.
ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.