განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის

საქართველოს განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი რამდენიმე წუთის წინ, თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

 

“ბატონი გიორგი ამილახვარი არის ძალიან წარმატებული ადამიანი. მე მინდა გითხრათ, რომ მას აქვს ძალიან კარგი, ღირსეული განათლება მიღებული. იგი სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ გერმანიაში. მიჭირებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი. არის ასოცირებული პროცესორი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ გიორგის აქვს წარმატებული მუშაობის გამოცდილება, იგი გახლავთ ერთ-ერთი ძალიან წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებელი. მისი რექტორობის პერიოდში ამ უნივერსიტეტმა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია. ეს არის ერთ-ერთი მართლა ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შექმნას ახალგაზრდა მოტივირებულმა ადამიანმა თანამედროვე, ევროპული, დასავლური ხარისხის უნივერსიტეტი. სწორედ ასეთი უნივერსიტეტის შემქმნელი გახლავთ ბატონი გიორგი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღემდე ბატონი გიორგი წარმატებით ხელმძღვანელობდა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. მას უკავშირდება არა ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. ბატონი გიორგი წლებია უკვე ჩართულია განათლების სფეროში. იგი ძალიან კარგად იცნობს ზოგადად განათლების ყველა საფეხურზე არსებულ ვითარებას, გამოწვევებს, რომელიც ჯერ კიდევ რჩება განათლების სისტემაში და მე მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გიორგი იქნება განათლებისა და მეცნიერების წარმატებული მინისტრი. ჩვენ ბევრი გვისაუბრია ბოლო ორი წლის განმავლობაში განათლების საკითხებზე. მან ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები და ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი წარმატებული მინისტრი იქნება.

ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ გიორგი ამილახვარს აქვს ძალიან ბევრი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებული. მონოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე. იგი პარალელურად აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა.

ჩვენ გვჭირდება კარგი მენეჯერები, დარგის მენეჯერები.

მინდა კიდევ ერთხელ წარმატება ვუსურვო გიორგი ამილახვარს და მადლობა ვუთხრა ჩვენს ყოფილ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ამილახვარი ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, მიხეილ ჩხენკელი კი განათლებისა და მეცნიერებს მინისტრად 2019 წლის ნოემბერში დაინიშნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ ჩხენკელს განათლების მინისტრის პოსტი მანამდეც, 2017 წელსაც ეკავა, თუმცა მხოლოდ 8 თვის განმავლობაში.