მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ხიდზე, ახალციხის ცენტრალურ ქუჩაზე გზა და შიდა ქუჩების ნაწილი შეაკეთეს, წელს ისინი კვლავ რეაბილიტაციას საჭიროებს.
ქალაქის ქუჩებში სეირნობისას, წვიმიან ამინდში, კოსტავას ქუჩაზე, ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდიმიშვილის, კეცხოველისა და ქალაქის სხვა ცენტრალურ ქუჩებზე, წყლის გუბეები და დაზიანებული ასფალტი ჩანს.
იგეგმება თუ არა და როდის იგეგმება ახალციხეში დაზიანებული გზების შეკეთება – მერს შეკითხვა დავუსვით. ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, სამუშაოები განხორციელდება, თუმცა კონკრეტული თარიღები და ბიუჯეტი არ დაასახელა.
მერს დავუსვით ასევე შეკითხვა, რა არის გზების ყოველწლიური გაფუჭების მიზეზი და მათი შეკეთების საჭიროება? მერმა გვიპასუხა, რომ მიზეზი ზამთარში გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა იყო.
„ტროტუარზე ნაკლები დაზიანების გამოსავალი მის ინჟინერიაშია“, – გვეუბნება მალხაზ ნარიმანაშვილი, მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიების დოქტორი. მისივე თქმით, გზას უნდა ჰქონდეს დახრილობა, რათა გზაზე თოვლი და წყალი არ გაჩერდეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან გასული წლის დეკემბერში მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, ახალციხეში 86 ქუჩაა, აქედან 76 მთლიანად მოასფალტებულია, 10 კი ნაწილობრივ. ამავე წყაროს ინფორმაციით, წელს გზის შეკეთება 14 ქუჩაზეა დაგეგმილი.