ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ ბოლო ორი წელიწადის განმავლობაში 2021-2022 წწ. ჯამში 150 000 ლიტრზე მეტი საწვავი მოიხმარა, ასეთი ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან მივიღეთ.
მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, ახალციხის მერიამ 2022 წელს 33 000 ლიტრამდე ბენზინი და 12 000 ლიტრზე მეტი დიზელის საწვავი მოიხმარა. ამავე პერიოდში ახალციხის საკრებულომ მოიხმარა 24000 ლიტრამდე ბენზინი და 4500 ლიტრამდე დიზელის საწვავი.
რაც შეეხება 2021 წელს, ეს მაჩვენებელი ასეთია: ახალციხის მერია: 28 000 ლიტრამდე ბენზინი და 15 500 ლიტრამდე დიზელის საწვავი.ახალციხის საკრებულო : 32000 ლიტრამდე ბენზინი და 6000 ლიტრი დიზელის საწვავი.
2021 წლის სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ასევე საუბარია ახალციხის მუნიციპალიტეტში საწვავის მოხმარების პრობლემაზე. აუდიტის მიხედვით, „საწვავი დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაისხა, მათ შორის მოკლე დროში და მათი ჯამური მოცულობა გადააჭარბა სამსახურებრივი მანქანის საწვავის ავზის მოცულობას“.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით უნდა შეიმუშაოს დებულება, რომელიც დაარეგულირებს სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამსახურებრივი მანქანების რაოდენობას და განსაზღვრავს საწვავის მოხმარების კონტროლის მექანიზმებს. “