საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრებთან შეხვედრა გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები და ბოლო დროს გახშირებული მაღალი დონის ვიზიტები როგორც სამთავრობო, ასევე, საპარლამენტო დონეზე.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მშვიდობის არსებობა მეზობელი ქვეყნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„მხარეებმა აღნიშნეს მომავალი პარტნიორობის გაღრმავების საჭიროება და ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების შესახებ მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრას, ასევე საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი ესწრებოდა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.