ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება – ტენდერი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სულდაში, მიასნიკიანში, ბოზალსა და დავნიაში წყალმომარაგების სისტემის აღდგენაზე 40 000 ლარამდე დახარჯვა იგეგმება, ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სოფელ სულდაში სასმელი წყლისა და წყალსაცავის რეაბილიტაცია იგეგმება, სოფელ მიასნიკიანში – პირუტყვისთვის სასმელი წყლის მოწყობა,ბოსალში სასმელი წყლის აღდგენა და დანიაში სარწყავი სისტემის აღდგენა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, თანხა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოიყოფა. შეთავაზებები მიიღება 22-25 ივლისს.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.