მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ევროკავშირის მხარდაჭერა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ – იანეს ლენარჩიჩი

ევროკავშირმა მკაცრად დაგმო აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ბოლო სამხედრო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია მთიანი ყარაბაღიდან 100 000-ზე მეტი ადამიანის გადასახლება. ამის შესახებ ევროკავშირის კრიზისების მართვის კომისარმა იანეშ ლენარჩიჩმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა სწრაფად უპასუხა სიტუაციას და სწრაფად მოახდინა დაახლოებით 5 მილიონი ევროს მობილიზება ჰუმანიტარული დახმარების სახით, რამდენიმე დღეში ეს თანხა გაორმაგდება და 10 მილიონ ევროს მიაღწევს.

„ასევე, ჩვენ გავააქტიურეთ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეძლეს რეაგირება. ბევრმა ქვეყანამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა შესთავაზა სომხეთს. კერძოდ, საუბარია ჰიგიენის ნივთებზე, საკვებზე, მედიკამენტებზე. საავადმყოფოებს უკვე მიეწოდებათ ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები.

ეს ქვეყნებია ავსტრია, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ბულგარეთი, იტალია, ლიტვა, ლუქსემბურგი, პოლონეთი, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი და ნორვეგია.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ კრიზისული ფაზის შემდეგ ჩვენ ვიქნებით მიდრეკილი, გავაგრძელოთ მხარდაჭერა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ევროკავშირის მხარდაჭერა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა მან.