ჩვენ მხარს ვუჭერთ სომხეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ხაზს უსვამს, რომ სომხეთი ევროპისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.  ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

„დიდი პატივია გიმასპინძლოთ სტრასბურგში დემოკრატიის სახლში. აქ თქვენი მასპინძლობა ადასტურებს, რომ ჩვენ ლოიალური ვართ სომხეთის მიმართ და თქვენ ერთგული ხართ ევროპული ოჯახის მიმართ. გარწმუნებთ, რომ სომხეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ უპირობოდ გამოვხატავთ მხარდაჭერას სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ხელშეუხებლობის მიმართ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა შეახსენა, რომ წინა პლენარულ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელმაც დაგმო აზერბაიჯანის თავდასხმა მთიან ყარაბაღზე. მისი თქმით, ახლა აუცილებელია მოლაპარაკებების განახლებაზე ფოკუსირება.

„მოვუწოდებთ პატივი სცენ სომხების უფლებებს მთიან ყარაბაღში. საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ მონაწილეობას, მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების საერთაშორისო გარანტიებს შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობასა და შერიგებას. ჩვენ ვრჩებით ერთგული ყველა ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის სუვერენული საზღვრების ხელშეუხებლობაზე, ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთ აღიარებაზე. ევროპა გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას არსებული სიტუაციის დაძლევაში. მოვუწოდებთ დაიწყოს მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ყველა პრობლემაზე სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მიზნით“, – დასძინა რობერტა მეცოლამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი სრულად არიან მოწოდებულნი მხარი დაუჭირონ ამ დიალოგს და მოლაპარაკებებს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. დღის წესრიგში შედის არაერთი შეხვედრა ევროპელ მაღალჩინოსნებთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად.