ჯვარი კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზე – გაიცა თუ არა ნებართვა

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ახალციხეში, რაბათის ციხის მახლობლად, ისტორიულ დასახლებაში,  ქრისტიანული სიმბოლო- ჯვარი დაიდგა. იქიდან გამომდინარე, რომ ტერიტორია შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ნუსხაში, ვკითხეთ, მიეცა თუ არა ნებართვა ჯვრის დადგმაზე.

ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს შეკითხვებს არ პასუხობს. ჩვენ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან. ვცდილობთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსაც დავუკავშირდეთ, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ მათ ასევე ვთხოვეთ საჯარო ინფორმაცია ნებართვის გაცემის შესახებ.

გადავიდეთ უკან რამდენიმე თვით 2023 წლის თებერვლამდე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ორალის  მოსახლეობამ ეკლესიასთან ჯვარი დაამონტაჟეს, თუმცა მალევე ამოიღეს, რადგან, როგორც მერიაში განგვიმარტეს, ჯვარი უნებართვოდ იყო დადგმული და ნებართვის აღება საჭირო გახდა.

მუნიციპალიტეტის მერიაში, როგორც მაშინ შევიტყვეთ, მიუხედავად იმისა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში დამონტაჟდა რელიგიური ჯვრის სიმბოლო, რისთვისაც ამ სოფლებისგან მერიის ნებართვა არ მოუთხოვიათ, სოფელ ორალის მოსახლეობას მაინც მოუწიათ ნებართვის აღება.

2023 წლის 14 თებერვალს მერიიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ: „სარწმუნოებრივი სიმბოლო – ჯვარი – ახალციხის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების უმეტეს სოფლებშია დამონტაჟებული. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალციხის მუნიციპალიტეტს არანაირი ნებართვა არ გაუცია“.

ოფიციალური მონაცემებით, სოფელ ორალის მოსახლეობის მიმართვის შემდეგ, მერიამ მათ ჯვრის დადგმის ნებართვა მისცა.

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მიხედვით, რაბათის ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მოსახლეობას შესაბამისი ნებართვის გარეშე არ შეუძლია საკუთარი სახლების აღდგენა, დაზიანებული სახლების სახურავის შეკეთება ან რაიმე სამუშაოს შესრულება, თუნდაც პარალელურ ქუჩებზე. რაბათში გაცემული სამშენებლო/სარეაბილიტაციო ნებართვების შესახებ ინფორმაცია ახალციხის მერიიდან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდანაც გამოვითხოვეთ.