ახალქალაქს კიდევ ერთი ახალი პარკი შეემატა

9 აპრილის მემორიალური კომპლექსის ტერიტორიაზე, თავისუფლების  ქუჩაზე, დასასვენებელი ზონის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი იუწყება.

პროექტის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო ატრაქციონი, ტროტუარი, ველობილიკი, ბორდიურები, LED განათება, მწვანე გაზონები, შადრევანი, რკინის ღობე. ტერიტორიაზე განთავსებულია სკამები და სანაგვე ურნები. ახალი პარკი გამწვანებულია.

ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესთან და შესაბამისი სამსახურის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნო და დასრულებული სამუშაოები შეაფასა.

აღნიშნული პარკის რესტავრაციამ საგრძნობლად შეცვალა თავისუფლების ქუჩის იერსახე და გაალამაზა გარემო. პარკი ახალქალაქელების გართობისა და დასვენების ერთ-ერთ მთავარ სარეკრეაციო ზონად იქცა.

სამუშაოებს შპს „კ-კომპანი“ აწარმოებდა, რომლის ხელშეკრულების ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტი იყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.