გიორგი ამილახვარი – იმიტომ, რომ მეთორმეტე კლასში დაბალი დასწრება გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 11- კლასიან სასწავლო წელს უნდა დაუბრუნდეს სასკოლო პროგრამა – ეს სწორად არ მიმაჩნია

იმიტომ, რომ მეთორმეტე კლასში დაბალი დასწრება გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 11- კლასიან სასწავლო წელს უნდა დაუბრუნდეს სასკოლო პროგრამა. ეს სწორად არ მიმაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, გამოწვევებია მეთორმეტე კლასში, მათ შორის, საგნობრივ ბადეშიც.

„რაც შეეხება 11 კლასს, ალბათ, არ ღირს აღნიშნულზე საუბარი. იმიტომ, რომ მეთორმეტე კლასში დაბალი დასწრება გვაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ 11 – კლასიან სასწავლო წელს უნდა დაუბრუნდეს სასკოლო პროგრამა. ეს სწორად არ მიმაჩნია. რაც შეეხება მეთორმეტე კლასს და რეპეტიტორებს, ვიცი, ეს პრობლემა. რეპეტიტორების ინსტიტუტი არ არის ცუდი პრაქტიკა, განვითარებულ ქვეყნებშიც არის, ჩვენთან მან სამწუხაროდ, ცოტა სხვა დანიშნულება შეიძინა. ახსენეს, რომ თუ რეპეტიტორთან არ მოამზადე ადამიანი, ეროვნულ გამოცდებს ვერ დაძლევსო, ცალსახად ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. ერთი ფაქტია, ჩვენი მთავარი დასაფიქრებელი და ამოცანა არის ის, თუ რატომ არის საზომი და ამოცანა ეროვნული გამოცდების ჩაბარება. რაც შეეხება რეპეტიტორებს, ის ცვლილებები, რაც ეროვნულ სასწავლო გეგმაში დავაანონსე, ის ეროვნული შეფასება, რომელიც გულისხმობს ბავშვის ტრანზიციას უმაღლეს განათლებაში, პროფესიული განათლების აქტიურად შემოტანას ზოგად განათლებაში, ეს მიდგომა მიმაჩნია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენს ბავშვს დაუბრუნებს საშუალო საფეხურის დანიშნულებას.

არა ის, რომ დღეს ყველა მოწადინებულია ბოლო კლასებში მოემზადოს რეპეტიტორთან და დაძლიოს ეროვნული გამოცდები. კი, არის გამოწვევები მეთორმეტე კლასში, საგნობრივ ბადეშიც არის. სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად და პირველ რიგში მას გვინდა ვუმკურნალოთ, ბავშვებს არჩევითობა შევთავაზოთ ინტერესებიდან გამომდინარე, იქნება ეს ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო თუ პროფესიული განათლება. ეს მოგვცემს ცვლილებას და არა ის, რომ ახლა ვთქვათ, რომ მეთორმეტე კლასში რაღაც მკაცრი სანქციები შემოვიღოთ, რათა ბავშვები სკოლაში დავაბრუნოთ. გავიმეორებ, რომ ეროვნული შეფასება უნდა დავაბრუნოთ. თუ ეროვნული შეფასება არ იყო, მათ შორის, გარკვეული პერიოდის შემდეგ სავალდებულო, მაშინ რეალურად მივიღებთ ნიშნების ინფლაციას“,-აღნიშნა მინისტრმა.