სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ახალი ავტობუსები გადაეცა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ახალი ავტობუსები გადაეცა. ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ბორჯომის მერი, ოთარ არბოლიშვილი რუსთავში რეგიონებისთვის, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთისთვის, ახალი სამგზავრო ავტობუსების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო.

რეგიონებისთვის ახალი ავტობუსების შეძენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით განხორციელდა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 6 ახალი ავტობუსი მოემსახურება.

“სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, კონკრეტულად ბორჯომის მუნიციპალიტეტს 6 ახალი ავტობუსი გადმოეცა, ახალი ავტობუსების მოლოდინის რეჟიმშია ასევე ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტები. ავტობუსების ადგილზე ჩამოყვანა 2024 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება. ჩვენს მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება კომფორტულად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაწყებული პროგრამა, მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასა და შემდგომ განვითარებას ემსახურება, რისთვისაც თანხები როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, პროგრამა არ არის ერთჯერადი და მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონებში შიდა და საქალაქთაშორისო გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემის მოგვარებას”, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

პრესსამსახურის ცნობით, პროექტი „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას ითვალისწინებს, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება. ავტობუსები მოქალაქეების შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება. გარდა ამისა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

ახალ ავტობუსთა შესყიდვისთვის ბიუჯეტიდან 53 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებულმა კომპანიამ „ჯითი გრუპი“ 51 ერთეული ავტობუსი საქართველოში უკვე ჩამოიყვანა, პროცესი გრძელდება მიმდინარე წლის ბოლომდე, ავტობუსების ნაწილი კი ქვეყანაში 2024 წლის დასაწყისიდან ეტაპობრივად ჩამოვა.

გარდა ავტობუსებისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებისთვის ასევე შეძენილია 90-მდე, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში (სულ 49 მუნიციპალიტეტში) გადანაწილდება.

ნაგავმზიდების შესყიდვა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა, რომლის ღირებულებაც 33 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლების და კომპანია “ჯითი გრუპის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.