ევროკავშირი აფრთხილებს აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში მძიმე შედეგებზე

ევროკავშირი აზერბაიჯანს მკაფიო გზავნილებს გადასცემს, რომ ამ ქვეყნის მიერ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი დარღვევა მიუღებელია და სერიოზული შედეგები მოჰყვება ევროკავშირ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე.

ამის შესახებ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სპიკერმა პიტერ სტანომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბოლოდროინდელ განცხადებებზე ისაუბრა, რომელიც შეიცავს ტერიტორიულ ამბიციებსა და სომხეთის მიმართ მუქარას. „ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვიყავით სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან, დაუღალავად ვიმეორებდით ორივე ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და პრობლემების მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას. ჩვენი საკომუნიკაციო ხაზები ღია რჩება. ევროკავშირი იყენებს ყველა შესაძლებლობას აზერბაიჯანისთვის მკაფიო მესიჯების გადასაცემად, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი დარღვევა მიუღებელია და სერიოზული შედეგები მოჰყვება ჩვენს ურთიერთობებზე. ჩვენ მტკიცედ ვრჩებით ამ პოზიციაზე.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი, უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აგრძელებენ მონაწილეობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში“, – განაცხადა სტანომ.